logo_geo
სტოლტენბერგი: „ჩრდილოეთის ნაკადის“ გაზსადენებზე დივერსიის შემსრულებელი გამოვლენილი არ არის
- +

8 მარტი. 2023. 19:30

 

ნატოს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ გასული წლის სექტემბერში „ჩრდილოეთის ნაკადის“ გაზსადენებზე დივერსიის შემსრულებელი გამოვლენილი არ არის.

ჩვენ ვერ დავადგინეთ, ვინ იდგა [დივერსიის] უკან. მიმდინარეობს გამოძიებები [ეროვნულ დონეზე] და ვფიქრობ, მართებულია დაველოდოთ გამოძიების დასრულებას, სანამ რამეს ვიტყვით“, - აღნიშნა ნატოს გენერალურმა მდივანმა.

7 მარტს, უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მრჩეველმა, მიხაილო პოდოლიაკმა განაცხადა, რომ უკრაინას არაფერი აქვს საერთო რუსეთის „ჩრდილოეთ ნაკადის“ გაზსადენებზე აფეთქებასთან და არ აქვს ინფორმაცია პროუკრაინულ აგენტებზე, რომლებსაც შეეძლოთ ამის გაკეთება.

მანამდე გაზეთ The New York Times-მა გამოაქვეყნა სტატია აშშ-ის სადაზვერვო საზოგადოების წყაროებსა და მონაცემებზე დაყრდნობით, რომლის თანახმად, ბალტიის ზღვაში „ჩრდილოეთის ნაკადის“ გაზსადენების აფეთქების უკან დგანან არასამთავრობო ჯგუფები, რომელთა შორის შეიძლება იყვნენ რუსები და უკრაინელები.

2022 წელს, „ჩრდილოეთის ნაკადი 1“-ის გაზსადენმა, რომელიც რუსეთს გერმანიასთან ბალტიის ზღვის გავლით აკავშირებს, ორ წერტილში გაჟონა. მსგავსი გაჟონვა „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის გაზსადენზე მოხდა.

big_banner
არქივი