logo_geo
პარიზში, სადავო საპენსიო რეფორმის წინააღმდეგ გამართული აქცია პოლიციასა და მანიფესტანტებს შორის შეტაკებაში გადაიზარდა
- +

29 მარტი. 2023. 00:45

პარიზში, სადავო საპენსიო რეფორმის წინააღმდეგ გამართული აქცია პოლიციასა და მანიფესტანტებს შორის შეტაკებაში გადაიზარდა. ინფორმაციას ამის შესახებ ფრანგული მედია ავრცელებს.

ბოლო მონაცემებით, საფრანგეთის მასშტაბით გამართულ საპროტესტო აქციებზე 500 ათასზე მეტი ადამიანი გამოვიდა.

გავრცელებული ინფორმაციით, პარიზში, სამართალდამცველებმა 23 ადამიანი დააკავეს.

22 მარტს, საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი ქვეყანაში მიმდინარე საპროტესტო აქციებს გამოეხმაურა, რომელიც სადავო საპენსიო რეფორმის პარლამენტში კენჭისყრის გარეშე მიღებას მოჰყვა. საფრანგეთის ლიდერმა აღნიშნა, რომ „ბრბოს არ აქვს ლეგიტიმაცია იმ ხალხის მიმართ, ვინც საკუთარ აზრს არჩეული წარმომადგენლების მეშვეობით გამოხატავს“.

17 მარტს, საფრანგეთის მთავრობამ საპენსიო ასაკის გაზრდის შესახებ სადავო კანონი ეროვნულ ასამბლეაში კენჭისყრის გარეშე მიიღო.

აღნიშნული კანონი უკიდურესად არაპოპულარულია ფრანგებს შორის. მან ქვეყნის მასშტაბით მასიური პროტესტი და გაფიცვები გამოიწვია. თუმცა, პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი აცხადებს, რომ მნიშვნელოვანი რეფორმაა ქვეყნის ეკონომიკისთვის.

სადავო რეფორმის მიხედვით, საფრანგეთში საპენსიო ასაკი 62-დან 64 წლამდე უნდა გაიზარდოს, ხოლო ამისთვის საჭირო სამუშაო სტაჟი კი 41.5 წლიდან 43 წლამდე.

big_banner
არქივი