logo_geo
openDemocracy: საქართველოში „უცხოელი აგენტების“ შესახებ კანონის მიმართ წინააღმდეგობამ ხელი არ უნდა შეგვიშალოს კითხვის დასმაში, აქვთ თუ არა ქვეყნებს უფლება, შეზღუდონ უცხოური გავლენა
- +

30 მარტი. 2023. 21:26

 

საქართველოში „უცხოელი აგენტების“ შესახებ კანონის მიმართ წინააღმდეგობამ ხელი არ უნდა შეგვიშალოს კითხვის დასმაში, აქვთ თუ არა ქვეყნებს უფლება, შეზღუდონ უცხოური გავლენა, - ნათქვამიადამოუკიდებელი საერთაშორისო მედია პლატფორმა openDemocracy-ის მიერ გამოქვეყნებულ სტატიაში, სათაურით „ჩვენ გვჭირდება გულწრფელი საუბარი „უცხოური აგენტების“ შესახებ კანონზე“.

„საქართველო, რომელიც დიდი ხანია დასავლეთის მოკავშირეა რუსეთის წინააღმდეგ, როგორც ჩანს, აპირებდა კანონის მიღებას, რომელიც ზოგიერთ არასამთავრობო ორგანიზაციას ავალდებულებდა, გამოექვეყნებინა უცხოური დაფინანსება და/ან დარეგისტრირებულიყო უცხოურ აგენტად, რაც აღსრულდებოდა შემოწმებისა და ჯარიმების გზით. კრიტიკოსებმა აღნიშნეს, რომ კანონპროექტი იმ კანონის მსგავსი იყო, რომელიც რუსეთში ათი წლის წინ მიიღეს. ამას მოჰყვა თეატრალიზებული საპარლამენტო დებატები, მგზნებარე ქუჩის პროტესტი და ევროკავშირის მხრიდან მასობრივი ზეწოლა, რის შემდეგაც კანონპროექტი გაიწვიეს“, - წერს სტატიის ავტორი.

სტატიის თანახმად, სიტუაციაზე ახლო დაკვირვებისას ირკვევა, რომ მომიტინგეები სულაც არ უჭერდნენ მხარს საქართველოს არასამთავრობო სექტორს, რომელიც დიდი ხანია, ქვემო პოზიციებზეა ქართველებისთვის სანდო ინსტიტუტების სიაში. როგორც ერთმა საქართველოში მცხოვრებმა დამკვირვებელმა მითხრა: „არავინ გამოსულა ქუჩაში [„საერთაშორისო გამჭვირვალობის ადგილობრივი ფილიალის“] დასაცავად“.

„ქართველებს ეშინოდათ, რომ რაღაც უფრო ავისმომასწავებელი მზადდებოდა, რადგან მთავრობა ასეთ უგუნურ რისკზე მიდიოდა იმ დროს, როცა ქვეყანა კანდიდატის სტატუსს ელოდება. ამ ვითარებაში „უცხოური აგენტების შესახებ კანონის“ მიღების შიში გახდა საფუძველი იმ შიშისა, რომ საქართველო არ მიიღებდა ევროკავშირის კანდიდატის სტატუსს და გაჰყვებოდა რუსეთის გზას“, - აღნიშნულია სტატიაში.

როგორც ავტორი აღნიშნავს, რუსეთი არც პირველი და არც ერთადერთი ქვეყანაა, რომელმაც მიიღო კანონი „უცხოური აგენტის“ შესახებ, რაც ეხება არასამთავრობო ორგანიზაციებს. ე.წ. „საგარეო აგენტების“ კანონი მიიღეს უნგრეთში 2017 წელს და არაერთხელ დადგა დღის წესრიგში ყირგიზეთში 2014, 2016 და 2022 წლებში.

„თუმცა, რუსეთის მაგალითი საკმაოდ მნიშვნელოვანია საქართველოში. რუსეთის კანონის გავლენა იქ, სამოქალაქო საზოგადოებაზე მართლაც დრამატული იყო, არა იმიტომ, რომ მან მოიტანა სექტორის სრული განადგურება, არამედ იმიტომ, რომ გამოიწვია უზარმაზარი სტრესი, ხარჯები და შრომა არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის. კანონი ხშირად მოიხსენიება, როგორც რუსეთის ავტორიტარიზმში გადასვლის ქვაკუთხედი. ამიტომ მუშაობს ის, როგორც ტოქსიკური იარლიყი. შესაბამისად, არ ყოფილა საფუძვლიანი, გულწრფელი საუბარი იმ რეალობებზე, რამაც გააჩინა უცხოური აგენტების კანონის საჭიროება საქართველოში და სხვაგან, კერძოდ კი, რა გავლენა აქვს არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის საერთაშორისო დაფინანსებას შიდა პოლიტიკურ პროცესებზე“, - ნათქვამია სტატიაში.

„ასეთ დაძაბულ მომენტში, არავის სურს ისე გამოჩნდეს, თითქოს ვინმე საეჭვო პოლიტიკას ამართლებს ან დისკრედიტებულ მთავრობას უჭერს მხარს, მაშინაც კი, თუ მათ აქვთ შეშფოთება. არც ადგილობრივ და არც საერთაშორისო ექსპერტებს, რომლებსაც საქართველოში ვესაუბრე, არ სურდათ ამაზე საუბარი ჩაწერით. მათ ქვეყნის განვითარებაზე უცხოური ფულის გავლენის შესახებ თავიანთი შეშფოთების გაზიარება პრივატულ საუბარში ამჯობინეს. როგორც საქართველოში მომუშავე ერთ-ერთმა ინსაიდერმა განაცხადა, დასავლეთის საელჩოებმა „იციან, რომ მათ შექმნეს მონსტრი არასამთავრობო სექტორისგან, მაგრამ არ იციან რა გააკეთონ“, - წერს სტატიის ავტორი.

მაგრამ თუ ვიმსჯელებთ წინა სიტუაციებიდან, მაშინაც კი, როცა ვითარება დაწყნარდება, ჩვენ შეიძლება ვერ მივიღოთ სათანადო პასუხი იმ ფუნდამენტურ კითხვაზე, რომელიც „უცხო აგენტის“ კანონის მიღმა დგას: როდესაც ბევრი, უმეტესობა ან თუნდაც მთელი ფული ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციებსა და მედიაში შემოდის უცხოეთიდან, როგორი შედეგი დგება ანგარიშვალდებულების, საკუთარი ქვეყნის ბედზე მოქალაქეების პასუხისმგებლობისთვის, ასევე დემოკრატიისა და სუვერენიტეტისთვის? აკადემიკოსებს შორის საკამათო არაა ის, რომ ეს ფინანსური თანავარსკვლავედი არასამთავრობო სექტორსა და უფრო ფართო პოლიტიკურ ეკონომიკაში უამრავ დისფუნქციასა და სიმახინჯეს იწვევს. დახურულ კარს მიღმა ამას დონორებიც აღიარებენ“, - წერს სტატიის ავტორი.

სტატიის ავტორი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ „დისკუსია, რომელიც ჩვენ გვჭირდება, იწყება იმის აღიარებით, რომ საქართველოში და მსგავს ქვეყნებში ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციები და უცხოელი დამფინანსებლები ძალიან განსხვავებულად იქცევიან, ვიდრე იმ ქვეყნებში, სადაც სამოქალაქო საზოგადოება ადგილობრივი სახსრებით ფინანსდება.

„მდიდარ დასავლურ ქვეყნებში კანონები და რეგულაციები უზრუნველყოფს, რომ არაკომერციული ორგანიზაციები პოლიტიკისგან შორს არიან. ისინი არ ლობირებენ ოფიციალურ პირებს, არ ატარებენ კამპანიას პოლიტიკური პარტიებისთვის და არ წერენ კანონებს. თუ ისინი ამას გააკეთებდნენ მთლიანი დაფინანსების უცხოეთიდან მიღების შედეგად, ეს განგაშის ზარის საფუძველი იქნებოდა. მიუხედავად ამისა, დასავლური გრანტების გამცემები, რომლებიც მუშაობენ პოსტსაბჭოთა ქვეყნებში, უბიძგებენ ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციებს პოლიტიკაში ჩართვისკენ“, - წერს სტატიის ავტორი.

„არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც დასავლეთში არღვევენ საქველმოქმედო პოლიტიკის ბარიერს, სწრაფად კარგავენ დონორთა კეთილგანწყობას, მაგრამ როდესაც გრანტის მიმღებ ქვეყნებში, როგორიც საქართველოა, ეწევიან პარტიულ, ტოქსიკურ პოლიტიკას, დონორები ხელებს იბანენ და მაინც აგრძელებენ მათ დაფინანსებას“, - აღნიშნულია სტატიაში.

სტატიის თანახმად, დღემდე, წინააღმდეგობას „უცხოური აგენტების შესახებ“ კანონის მიმართ ახორციელებენ ინტერესთა კონფლიქტის მქონე ადამიანები და ინსტიტუტები. მათი გზავნილი კატეგორიულია: ყველაფერი არღვევს გაერთიანების თავისუფლებას, გარდა შეუზღუდავი დაფინანსებისა, რომელსაც დონორები თავისუფლად დაჰპირდებიან, ხოლო არასამთავრობო ორგანიზაციები თავისუფლად გამოიყენებენ ნებისმიერი მიზნით, ნებისმიერი შემოთავაზებული რეგულაცია უარყოფილია, როგორც შეუსაბამო და შეურაცხმყოფელი და უარყოფილია დაუსაბუთებლად. ეს კრიტიკოსები არასოდეს განმარტავენ, როგორი იქნება გონივრული, პროპორციული რეგულაცია.

„მარტივად რომ ვთქვათ, უცხოელმა დონორებმა უნდა გააგრძელონ საქართველოს სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიის სექტორის ხელში ჩაგდება - ქართული დემოკრატიის გულისთვის. ეს მიდგომა არათანმიმდევრული და თვითდამამარცხებელია როგორც ინტელექტუალურად, ასევე სტრატეგიულად. რამდენიმე დღეში მას შემდეგ, რაც საქართველომ ევროკავშირის მასობრივი ზეწოლის შედეგად გაიწვია თავისი კანონპროექტები, გავრცელდა ინფორმაცია, რომ ევროკავშირი ამზადებდა საკუთარ კანონს უცხოელი აგენტების შესახებ, რომელიც, სხვათა შორის, მიმართული იქნება არასამთავრობო ორგანიზაციებზე. დიდი ბრიტანეთი და კანადა მსგავს კანონპროექტებზე მუშაობენ. თუ ევროკავშირი, აშშ, დიდი ბრიტანეთი და კანადა გააძლიერებენ უცხოური ფულისა და გავლენის რეგულირებას, უნდა დავასკვნათ, რომ მხოლოდ „სრულყოფილ“ დემოკრატიებს აქვთ უფლება ისარგებლონ და დაიცვან თავიანთი სუვერენიტეტი? ნიშნავს თუ არა ეს იმას, რომ არასრულყოფილ დემოკრატიებსა და ავტოკრატიებს არ აქვთ უცხო გავლენის გამო ლეგიტიმური შეშფოთების უფლება, ან დემოკრატიის სწორი კურსიდან გადახვევით ისინი უარს ამბობენ სუვერენიტეტის უფლებაზე? თუ ზოგიერთ ქვეყანას აქვს უცხოური ფულის რეგულირების უფლება, ზოგს კი - არა, რა იქნება გამყოფი ხაზი? „დემოკრატია ავტოკრატიის წინააღმდეგ“, თუ ძლიერი, მდიდარი ჰეგემონიები ღარიბი, დახმარებაზე დამოკიდებული სახელმწიფოების წინააღმდეგ?“, - აღნიშნავს სტატიის ავტორი.

big_banner
არქივი