logo_geo
პოლონური მედია: ევროკავშირის ხუთი ქვეყანა ევროკომისიას უკრაინიდან კიდევ უფრო მეტი პროდუქციის იმპორტის აკრძალვას სთხოვს
- +

21 აპრილი. 2023. 23:49

 

ბულგარეთის, პოლონეთის, რუმინეთის, სლოვაკეთისა და უნგრეთის სოფლის მეურნეობის მინისტრებმა ევროკომისიას თავიანთი წინადადებები გაუგზავნეს სოფლის მეურნეობის უკრაინული პროდუქციის იმპორტის პრობლემის გადაჭრის შესახებ. ინფორმაციას ამის შესახებ პოლონეთის პრესის სააგენტო (PAP) ავრცელებს.

ევროკავშირის ხუთი წევრი სახელმწიფო აღნიშნავს, რომ ევროკომისიის წინადადება უკრაინული იმპორტის განბლოკვის ზომების შესახებ „არ უნდა შემოიფარგლოს ხორბლით, სიმინდით, რაფსითა და მზესუმზირის თესლით“.

„ჩვენ გთავაზობთ მოქმედების გაფართოებას ასევე მზესუმზირის ზეთზე, ფქვილზე, თაფლზე, შაქარზე, რბილ ხილზე, კვერცხზე, ხორცზე, რძესა და რძის პროდუქტებზე“, - ნათქვამია ევროკომისიისთვის გაგზავნილ წერილში.

გარდა ამისა, ბულგარეთი, პოლონეთი, რუმინეთი, სლოვაკეთი და უნგრეთი ითხოვენ ამ ზომების გახანგრძლივებას უკრაინიდან საქონელზე გადასახადების გაუქმების რეჟიმის დასრულების შემდეგ, რაც 2023 წლის ივნისში მოხდება.

„ამ ზომების გაუქმება შეიძლება განიხილებოდეს მხოლოდ მოსაზღვრე ან მიმდებარე წევრ ქვეყნებში საბაზრო წონასწორობის აღდგენის შემდეგ“, - ხაზგასმულია წერილში.

ევროკავშირის ხუთი წევრი სახელმწიფო ასევე ითხოვს დაზარალებული ფერმერებისთვის მხარდაჭერის მორიგი პაკეტის მომზადებას რაც შეიძლება მალე, ასევე მომავალში მსგავს სიტუაციებში ავტომატური მხარდაჭერის მექანიზმის დანერგვას.

ოთხშაბათს, ევროკომისიამ ბულგარეთს, პოლონეთს, რუმინეთს, სლოვაკეთსა და უნგრეთს შესთავაზა 100 მილიონი ევროს დახმარების პაკეტი უკრაინიდან სოფლის მეურნეობის იმპორტის აკრძალვის მოსახსნელად.

big_banner
არქივი