logo_geo
ფრედი მერკურის ქონება სექტემბერში „Sotheby's“-ის აუქციონზე გაიყიდება
- +

30 აპრილი. 2023. 10:32

 

 

ლეგენდარული მომღერლისა და ბრიტანული როკ-ჯგუფ „Queen“-ის სოლისტის, ფრედი მერკურის ქონება, მათ შორის ტანსაცმელი, მხატვრული ნამუშევრები, ავეჯი და ცნობილი გვირგვინი სექტემბერში „Sotheby’s“-ის აუქციონზე გამოჩნდება. როგორც ირკვევა, აუქციონზე მთლიანობაში დაახლოებით 1 500 ნივთს გაიტანენ.

 

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, აუქციონი ექვს ნაწილად გაიმართება. მოსალოდნელია, რომ ნივთების გაყიდვით საერთო ჯამში 6 მილიონ გირვანქა სტერლინგზე მეტი თანხა შეგროვდეს. თუმცა, ვინაიდან საბოლოო შეფასებები გაკეთებული არ არის, შესაძლოა ეს მაჩვენებელი შეიცვალოს.

 

როგორც ცნობილია, აუქციონზე ყველა ნივთს წაიღებენ ფრედი მერკურის ლონდონის სახლიდან, „Garden Lodge“-იდან, რომელიც მან, 1991 წელს შიდსთან დაკავშირებული გართულებების შედეგად გარდაცვალებამდე, თავის მეგობარს, მერი ოსტინს უანდერძა.

 

მერკურის გვირგვინი და მოსასხამი, რომელიც მას „God Save the Queen“-ის სახელწოდებით ცნობილი ბოლო ტურნეს დროს ეცვა, 60 000-დან 80 000 გირვანქა სტერლინგამდეა შეფასებული. აუქციონზე ასევე გაიტანენ „სამხედრო სტილის“ პიჯაკს, რომელიც მას 39-ე დაბადების დღის წვეულებაზე მიუნხენში ეცვა. ეს უკანასკნელი 10 000-დან 15 000 გირვანქა სტერლინგამდეა შეფასებული. მერკურის თაყვანისმცემლებს ასევე ექნებათ შესაძლებლობა, შეიძინონ მისი ჟილეტი 1991 წელს გადაღებული უკანასკნელი ვიდეოდან „These Are the Days of Our Lives“. ჟილეტი 5000-დან 7000 გირვანქა სტერლინგამდეა შეფასებული.

 

 

big_banner
არქივი