logo_geo
როგორ გადაურჩა ლონდონში ხანძარს მე-10 სართულიდან გადმოგდებული ბავშვი - რას ჰყვებიან თვითმხილველები
- +

14 ივნისი. 2017. 20:43



ლონდონში კენსინგტონის უბანში მდებარე 24-სართულიან სახლში შუა ღამით გაჩენილი ხანძრის შესახებ თვითმხილველები დაუჯერებელ და საზარელ ფაქტებს იხსენებენ, თუმცა ყველაზე ემოციური მე-10 სართულიდან გადმოვარდნილი ბავშვის ამბავია, რომელიც გადარჩა.


A40 Westway-ზე მდებარე ალმოდებული სახლის ფანჯრიდან ახალგაზრდა ქალმა ქვევით მყოფ ადამიანებს რამდენჯერმე რაღაც გადმოსძახა, თუმცა მისი სიტყვები ვერავინ გაიგო. შემდეგ მან სახლის წინ თავმოყრილ ხალხს ფანჯარაში ბავშვი დაანახა და ანიშნა, რომ ვინმეს დაეჭირა.


ლონდონში მცხოვრებმა სამირა ლამრანიმ Telegraph-თან საუბარში თქვა, რომ ასეთი ემოციური და მძიმე სურათი არასდროს უნახავს.


„ეს მოგონება, ეს ხმები ჩემი გონებიდან არასოდეს ამოვა. დედა შვილის გადარჩენას ცდილობდა. მან ბავშვი მე-10 სართულის ფანჯრიდან გადმოაგდო და ქვევით მდგომმა მამაკაცმა დაიჭირა. ბავშვს არაფერი დაშავებია, უბრალოდ შოკში იყო. დედა სახლში დარჩა და ფანჯრიდან უყურებდა, რომ მისი შვილი გადარჩა. ახლა არ ვიცი, ის ქალი სად არის. იმედი მაქვს, ისიც ცოცხალია." - თქვა სამირა ლამნარიმ.


გრენფელ ტაუერში მცხოვრები სარა იხსენებს, როგორ ცდილობდა მისი მეზობელი ხანძრის დროს ზეწრებით პარაშუტის გაკეთებას, თუმცა არაფერი გამოუვიდა. ის რამდენიმე საათის შემდეგ მაშველებმა სასუნთქი გზების დაზიანებით საავადმყოფოში გადაიყვანეს.


„თავი საშინელებათა ფილმში გეგონებოდათ." - იხსენებს სარა. - „ვიღაც ქალი ყვიროდა, შვილი გადამირჩინეთო".


დევიდ ბენჯამინი გრენფელ ტაუერში ცხოვრობდა. იგი ერთ-ერთია, ვინც ხანძრის დროს კიბეებით გარეთ გაქცევა მოასწრო.


„ყველგან კვამლი იდგა. საშინელი შეგრძნება იყო. ხალხი კიბეებზე ჩამორბოდა, ყვიროდნენ. თავი ღამის კოშმარში მეგონა. ცეცხლი მთელი შენობის ზედა სართულებს რამდენიმე წუთში მოედო. შენობაში მძინარე ბავშვებიც იყვნენ. ხალხი შველას ითხოვდა", - უთხრა დევიდმა BBC-ის.


ალმოდებული საცხოვრებელი კორპუსის მოპირდაპირე მხარეს მცხოვრებმა ლინდამ ჟურნალისტთან საუბარში აღნიშნა, რომ ხანძრის დროს რეალობის აღქმის უნარი დაკარგა.


„ჩემ თვალწინ საცხოვრებელი შენობა შავი ფერის დაუსახლებელ ნაგებობად იქცა და მთელი ქუჩა ფერფლით დაიფარა", - თქვა მან.


გრენფელ თაუერში მეგობართან სტუმრად მისული პიკი საკუ Reuters-თან ინტერვიუში ამბობს, რომ წუხელ ნანახი კადრების სამუდამოდ დავიწყება სურს, თუმცა ეს შეუძლებელია: „ხალხი ფანჯრებიდან ნივთებს ყრიდა. სახლიდან ამ ადამიანების ტანსაცმელი და სხვადასხვა საგნები ცვიოდა. ასე მეგონა, ამ ყველაფერს ფილმში ვხედავდი".


 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი