logo_geo
ჰიროსიმაში ჯო ბაიდენისა და ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვედრა გაიმართა
- +

21 მაისი. 2023. 11:43

 

 

ჰიროსიმაში ჯო ბაიდენისა და ვოლოდიმირ ზელენსკის ორმხრივი შეხვედრა გაიმართა. „დიდი შვიდეულის“ სამიტის ფარგლებში გამართული შეხვედრისას აშშ-ის ლიდერმა, ჯო ბაიდენმა უკრაინისთვის სამხედრო დახმარების ახალი პაკეტის შესახებ გამოაცხადა, რომელიც აღჭურვილობას, არტილერიასა და ჯავშანტექნიკას მოიცავს.

 

ჯო ბაიდენმა პრეზიდენტ ზელენსკის განუცხადა, რომ უკრაინის თავდაცვის გასაძლიერებლად ვაშინგტონი ყველაფერს აკეთებს. თავის მხრივ, ზელენსკიმ მადლობა გადაუხადა აშშ-ის პრეზიდენტს მხარდაჭერისა და გაწეული დახმარებისთვის. მისი თქმით, უკრაინელი მფრინავების მომზადების პროგრამა და ახალი პაკეტი გააძლიერებს უკრაინელთა პოზიციებს ბრძოლის ველზე.

 

აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის განცხადებით, უკრაინის სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა არ უნდა ექვემდებარებოდეს განხილვას.

 

„აშშ განაგრძობს ყველაფრის გაკეთებას, რაც შეუძლია უკრაინის თავდაცვისუნარიანობის გასაძლიერებლად, მათ შორის ჩვენს პარტნიორებთან ერთად ახალი ერთობლივი ძალისხმევის დაწყებით, რომელიც უკრაინელი მფრინავების მომზადებას ითვალისწინებს „ეფ-16“-ის მსგავსი მეოთხე თაობის ავიაგამანადგურებლებისთვის. ამ კვირაში, „დიდმა შვიდეულმა“ ასევე დააწესა ასობით ახალი სანქცია და საექსპორტო კონტროლი რუსეთის წინააღმდეგ, რომ გავაგრძელოთ პუტინზე ზეწოლა მისი მხარდამჭერების პასუხისმგებლობის დაყენებისთვის ან მათთვის სანქციების დაწესებისთვის. დღეს მე ვაცხადებ უკრაინისთვის აშშ-ის უსაფრთხოების დახმარების მორიგი ტრანშის შესახებ. პაკეტის შესახებ, რომელიც მოიცავს მეტ აღჭურვილობას, არტილერიას, ჯავშანტექნიკას ბრძოლის ველზე უკრაინის შესაძლებლობების გასაძლიერებლად. აშშ განაგრძობს უკრაინის დახმარებას მის წინააღმდეგობაში, აღდგენასა და რეკონსტრუქციაში. ჩვენ ასევე მხარს გიჭერთ სამართლიანი მშვიდობის დამყარების მცდელობაში“, – განაცხადა ბაიდენმა.

 

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ აშშ-ის პრეზიდენტს გაწეული დახმარებისთვის მადლობა გადაუხადა.

 

„მადლობა თქვენი ლიდერობისთვის, თქვენი მხარდაჭერისთვის და დახმარების ამ ახალი პაკეტისთვის. ეს შესანიშნავია. მადლობას გიხდით ჩვენი ხალხის სახელით. ძალიან მოხარული ვარ, რომ ამ გამოწვევების დროს ჩვენს ხალხებს შორის ასეთი ძლიერი კავშირებია. ჩვენ მადლობლები ვართ ამერიკელი ხალხის, თქვენი და თქვენი გუნდის, კონგრესის ორპარტიული მხარდაჭერის. მახსოვს თქვენი ბოლო მამაცი, ისტორიული ვიზიტი კიევში და ჩვენი საზოგადოება აფასებს ამას. ჩვენ ვისაუბრეთ ძალიან რთული გადაწყვეტილებების შესახებ და თქვენ ეს გააკეთეთ საწვრთნელი მისიით. ჩვენ მადლობლები ვართ. ვფიქრობ, ეს ბრძოლის ველზე ჩვენს პოზიციებს გააძლიერებს“, – აღნიშნა ზელენსკიმ.

 

 

big_banner
არქივი