logo_geo
ჯეიკ სალივანი: ჯო ბაიდენს ჩინეთთან სამხედრო კავშირების აღდგენა სურს
- +

13 ნოემბერი. 2023. 15:31

 

 

აშშ-ის პრეზიდენტს ჯო ბაიდენს სურს ჩინეთთან სამხედრო კავშირების აღდგენა. ამის შესახებ ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველმა ჯეიკ სალივანმა განაცხადა.

 

„პრეზიდენტი მტკიცედ არის განწყობილი, აღადგინოს სამხედრო კავშირები, რადგან მიაჩნია, რომ ეს არის შეერთებული შტატების ეროვნული უსაფრთხოების ინტერესებში. ჩვენ გვჭირდება კომუნიკაციის ეს ხაზები, რათა უზრუნველვყოთ შეცდომების, არასწორი გათვლების ან გაუგებრობების თავიდან არიდება“, - განაცხადა სალივანმა.

 

სალივანმა აღნიშნა, რომ სამხედრო კავშირების აღდგენა შეიძლება მოხდეს ყველა დონეზე, უფროსი ხელმძღვანელობიდან დაწყებული ტაქტიკურ ოპერაციულ დონემდე, ასევე "წყალსა და ჰაერში ინდო-წყნარი ოკეანის რეგიონში".

 

სალივანმა CNN-ის პროგრამა „State of Union“-ის ეთერში თქვა, რომ ბაიდენი შეეცდება, ყურადღება გაამახვილოს სამხედრო კავშირებზე საუბრისას სი ძინპინთან შეხვედრის დროს, თუმცა სალივანმა უარი თქვა დამატებითი დეტალების მიწოდებაზე.

 

„ჩინელებმა გაწყვიტეს ეს საკომუნიკაციო კავშირები. პრეზიდენტ ბაიდენს სურს მათი აღდგენა“, - თქვა სალივანმა და დასძინა, რომ ეს არის დღის წესრიგის მთავარი საკითხი.

 

ოთხშაბათს, 15 ნოემბერს სან-ფრანცისკოში, აზია-წყნარი ოკეანის ეკონომიკური თანამშრომლობის სამიტზე ბაიდენი პირისპირ შეხვდება ჩინეთის ლიდერს სი ძინპინს. ეს ორი ლიდერის მეორე პირისპირ შეხვედრა იქნება ბაიდენის პრეზიდენტად არჩევის შემდეგ.

 

სალივანის განცხადებით, ბაიდენისა და სის შეხვედრაზე, სავარაუდოდ, განიხილება გლობალური საკითხები -  ისრაელი-ჰამასის ომი, რუსეთის შეჭრა უკრაინაში, ჩრდილოეთ კორეის კავშირები რუსეთთან, ტაივანი, ინდო-წყნარი ოკეანის რეგიონი, ადამიანის უფლებები, ფენტანილის წარმოება, ხელოვნური ინტელექტი და სამართლიანი სავაჭრო და ეკონომიკური ურთიერთობები.

 

 

big_banner
არქივი