მიხეილ ყაველაშვილი ბესიკ ხარანაულს და ლანა ღოღობერიძეს: ბავშვი რომ ძალადობისკენ მოუწოდებს და ჩვენ, პარლამენტის წევრებს მოღალატეებად შეგვრაცხავს, ხომ ვიცით, ეს სად და როდის იყო, რასაც თქვენ მთელი ცხოვრება ეწინააღმდეგებოდით – ძალიან მაინტერესებს, ეს მოგწონთ?
„ხალხის ძალის“ წევრი მიხეილ ყაველაშვილი, ხელოვნების სფეროს იმ წარმომადგენლებს მიმართავს, რომლებიც „გამჭვირვალობის კანონს“ ეწინააღმდეგებიან.
ის ინტერესდება, რამდენად მისაღებია კონკრეტულად ბესიკ ხარანაულისა და ლანა ღოღობერიძისთვის, კანონპროექტის საწინააღმდეგოდ გამართულ საპროტესტო აქციებში მონაწილე არასრულწლოვანების განწყობა, რომლებიც ძალადობისკენ მოუწოდებენ საზოგადოებას და პარლამენტარებს მოღალატეებად შერაცხავენ.
„ბესიკ ხარანაულს მივმართავ, მის პოეზიაზე ვიზრდებით და მგონი, კიდევ ლანა ღოღობერიძე არის, მის ფილმებზე გავიზარდეთ. მივმართავ: ბატონო ბესიკ, ქალბატონო ლანა, 11 წლის, 15 წლის, 16 წლის ბავშვი, ასეთი განწყობით რომ პირდაპირ ძალადობისკენ მოუწოდებს და პირდაპირ შეგვრაცხავს ჩვენ, პარლამენტის წევრებს მოღალატეებად, ეს ხომ ვიცით, სად კეთდებოდა და როდის იყო, რასაც თქვენ მთელი ცხოვრება ეწინააღმდეგებოდით. ძალიან მაინტერესებს, ეს მოგწონთ?“ – განაცხადა ყაველაშვილმა.