შალვა პაპუაშვილი: ევროპისა და თავისუფლების სახელით კრძალავენ მსჯელობას, ხომ პარადოქსია, თავისუფლების სახელით კრძალავენ მსჯელობას
„არის მცდელობა, რომ აკრძალონ დისკუსია. ხომ პარადოქსია, თავისუფლების სახელით კრძალავენ მსჯელობას. ამას ვაკვირდებით ჩვენ, სხვას კი არაფერს. სკანდირებენ „თავისუფლებას“ და ამბობენ, რომ არ წაიკითხო კანონი”, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილმა ბათუმში რეგიონულ მედიასთან შეხვედრისას განაცხადა.
„ქალაქში გაიკრა ჩვენი აქტივის მხრიდან პოსტერები, სადაც მითითებული იყო ინტერნეტ ვებ-გვერდი, რომელზეც ადამიანს შეეძლო წაეკითხა კანონი. ეს პოსტერები ჩამოხიეს. რა ჰქვია ამას თუა რა აკრძალვა ფიქრის, აკრძალვა მსჯელობის, აკრძალვა დისკუსიის, ორუელისეული მიდგომების პირდაპირი რეალიზაცია ჩვენს თანამედროვეობაში, როდესაც არცოდნა არის ძალა და როდესაც მორჩილება ითვლება თავისუფლებად. აი ამის მაგალითებს ვხედავთ ახლა. ევროპისა და თავისუფლების სახელით კრძალავენ მსჯელობას. ნაცვლად იმისა, რომ თქვან, რა არის არგუმენტი ამ კანონის წინააღმდეგ, უბრალოდ მიდის პლაკატური საუბარი – „ეწინააღმდეგება ევროპულ ღირებულებებს“. ბოდიში, მაგრამ ჩვენ საქართველოში რომელი ღირებულებებით ვცხოვრობთ? ჩვენც ევროპა ვართ, ევროპული ღირებულებებით. არავის აქვს დაპატენტებული თავისთვის ევროპული ღირებულებები, არცერთ ქვეყანას ჩვენთან მიმართებით. ამიტომ, როდესაც გვესაუბრებიან ევროპული ღირებულებებით, ეს არ არის ევროპელის საუბარი არაევროპელთან, არამედ ეს არის ევროპული ქვეყნის საუბარი ევროპულ ქვეყანასთან. ამიტომ, როდესაც ვსაუბრობთ ევროპულ ღირებულებებზე, აქ ჩვენც გვეთქმის ჩვენი სიტყვა, ჩვენი ისტორიიდან და ევროპული ღირებულებების ჩვენი თანაშემოქმედებიდან გამომდინარე“, – აღნიშნა პაპუაშვილმა.