„1995 წლის კონსტიტუციის მუხლი ამბობდა, რომ ქორწინება ემყარება მეუღლეთა უფლებრივ თანასწორობასა და ნებაყოფლობას. ეს ნიშნავდა, რომ ქორწინება არ შეიძლება იძულებით იყოს და ქალი და მამაკაცი თანასწორია. მეტი საჭიროება არ არსებობდა, ქალის და მამაკაცის ხსენებაც არ არსებობდა, რადგან სხვა რა შეიძლება იყოს ქორწინება, თუ არა ქალისა და მამაკაცის ერთობა. გავიდა დრო და 2017 წელს, იძულებული გავხდით ჩაგვეწერა, რომ ქორწინება არის ქალისა და მამაკაცის ურთიერთობა, რომ ვინმეს არ მოსვლოდა აზრად, სხვა ტიპის ურთიერთობა მოეგვარებინა კანონით“, – განაცხადა პოლიტიკური ჯგუფი „ხალხის ძალის“ თავმჯდომარემ სოზარ სუბარმა „საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ“ და „ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კონსტიტუციურ კანონპროექტებთან დაკავშირებით საყოველთაო-სახალხო განხილვაზე მესტიაში.
სოზარ სუბარის თქმით, აღნიშნულ ჩანაწერს მაშინ ბევრი მოწინააღმდეგე გამოუჩნდა და ამბობდნენ, რომ ჩანაწერი ჰომოფობიურია და ადამიანის უფლებებს ლახავს.
„ზუსტად ის ადამიანები, ვინც მაშინ ამას გვეუბნებოდნენ, როგორც ოპოზიციონერები, ასევე „ენჯეოები“, დღეს გვეუბნებიან, რომ მაშინ კარგი ჩანაწერი ხომ გააკეთეთ და რაღად გინდათ, ახლა დამატებით რაღაცას რომ იგონებთო. დამატებითი იცით რა არის? ერთი პუნქტი ემატება კონსტიტუციას, რომ სპეციალური კანონი უნდა მივიღოთ. ეს სპეციალური კანონი ერთმუხლიანია, სულ რვა პუნქტისგან შედგება. პირველ პუნქტში წერია, რომ კანონმდებლობით შეიძლება მოწესრიგდეს ქორწინებასთან მიმსგავსებული მხოლოდ იმგვარი ურთიერთობა, რომელიც არანაკლებ 18 წლის ერთი გენეტიკური მამაკაცისა და ერთი გენეტიკური ქალის კავშირს ითვალისწინებს. სულ რაღაც 8 წელიწადში იძულებული გავხდით, ჩავწეროთ, რომ მამაკაცის და ქალის ურთიერთობა კი არ არის ქორწინება, არამედ „გენეტიკური ქალისა და გენეტიკური მამაკაცის“, – განაცხადა სოზარ სუბარმა.
მისივე განმარტებით, საპარლამენტო უმრავლესობას დღეს არ აქვს საკმარისი ხმები, რომ კონსტიტუციაში ცვლილებები შეიტანოს.
„ამ ცვლილებებს ჩვენთან ერთად ხმას აძლევენ „ევროპელი სოციალისტები“, მაგრამ მათთან ერთადაც არ გვაქვს საკმარისი ხმები, თუმცა 40-ზე მეტ კანონში შეგვაქვს ცვლილებები, რომელიც ცხადყოფს, რომ ის, რისთვისაც ამ საკონსტიტუციო ცვლილებას ვიღებთ, საქართველოს კანონმდებლობით იქნება უზრუნველყოფილი. მაგრამ ჩვენ აუცილებლად გვინდა განვამტკიცოთ ეს საკონსტიტუციო ცვლილებებით, რადგან კონსტიტუცია არის ის უმთავრესი კანონი, რომელიც განსაზღვრავს ქვეყნის წყობას“, – აღნიშნა სოზარ სუბარმა.