თამარ ჩიბურდანიძე ოპოზიციას: მეტი რაღა გითხრათ პრემიერმა? წინასაარჩევნოდ თქვენს რესურსს ბოლომდე ვშიფრავთო – ახლა გაიგეთ, თუ რა მახეში შეგიტყუათ ხელისუფლებამ?
„რუსთაველზე გამართული აქციების მიზანია ყოველდღე დაძაბონ სიტუაცია, რომ შექმნან კულმინაცია, თუმცა, რამდენად აწყობთ არჩევნებამდე ხუთი თვით ადრე კულმინაციის შექმნა, ეს ცალკე საკითხია“, – ამის შესახებ პარტია „ხალხის ძალის“ წევრი, თამარ ჩიბურდანიძე სოციალურ ქსელში წერს.
როგორც ჩიბურდანიძემ აღნიშნა, ოპოზიცია ფერადი რევოლუციისთვის ემზადებოდა და მისივე შეფასებით, ის, რაც დღეს ქუჩაში ხდება, მათი წინასაარჩევნო სცენარის ნაწილია.
„რადგან ოპოზიცია თავად ვერ მიხვდა, თუ რაში გააბა ხელისუფლებამ, დღეს პრემიერმა თავად უთხრა – ვიცოდით თქვენი გეგმების შესახებ და დაინახოს ხალხმა, რა არის თქვენი რესურსიო. ეს კანონი ორმაგად მნიშვნელოვანი იყო ქვეყნისთვის. პირველი ის, რომ გამჭვირვალობა ევროპული და დემოკრატიული სტანდარტია და ეს სჭირდება ევროკავშირის წევრ სახელმწიფოს – საქართველოს. მეორე ის, რომ ამ კანონით გამჭვირვალე გახდა მთელი წინასაარჩევნო პროცესები: რას აპირებენ? რა გეგმები აქვთ? ვისგან იმართებოდნენ და ა.შ. რაც შეეხება რუსთაველზე გამართულ აქციებს, მათი მიზანია ყოველდღე დაძაბონ სიტუაცია, რომ შექმნან კულმინაცია, თუმცა, რამდენად აწყობთ არჩევნებამდე ხუთი თვით ადრე კულმინაციის შექმნა, ეს ცალკე საკითხია. ჭკვიანს არ უნდა აწყობდეს, მაგრამ ამათ არც ჭკუა უჭრით და არც სხვა გზა დაუტოვა ხელისუფლებამ, გარდა არჩევნებამდე სასტიკი მარცხისა. ბუნებრივია, დაძაბული სიტუაცია მოსახლეობის ფსიქიკაზე მოქმედებს, მაგრამ ეს პროცესები გარდაუვალი იყო. ოპოზიცია ფერადი რევოლუციისთვის ემზადებოდა და რასაც დღეს სჩადიან ქუჩაში, ეს მათი წინასაარჩევნო სცენარის ნაწილია. იმედს ვიტოვებთ, რომ ქართული პოლიცია უშეცდომოდ, ნებისყოფით გაუძლებს ამხელა შეურაცხყოფებს და შეძლებენ ამ აქციების მშვიდობიან ჩარჩოში მოქცევას. მიუხედავად იმისა, რომ აქციის მონაწილეების გეგმაში ეს არ შედის, მათი მიზანი არეულობა და დესტაბილიზაციაა, რასაც თავადაც ხვდებიან, რომ ვერ შეძლებენ”, – წერს თამარ ჩიბურდანიძე.