ლევან დავითაშვილი მსოფლიო ბანკის აღმასრულებელ დირექტორს იუჯინ რუგენაათს შეხვდა

პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი მსოფლიო ბანკის აღმასრულებელ დირექტორს იუჯინ რუგენაათს შეხვდა.

შეხვედრას ასევე დაესწრნენ მინისტრის მოადგილეები ვახტანგ ცინცაძე, ირაკლი ნადარეიშვილი, გენადი არველაძე და სამინისტროს ვაჭრობის განვითარებისა და საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსი გივი ზედელაშვილი.

შეხვედრაზე განხილული იქნა საქართველოსა და რეგიონში არსებული ეკონომიკური ტენდენციები და პროგნოზები, აგრეთვე მსოფლიო ბანკის მიერ საქართველოში მიმდინარე და დაგეგმილი პროექტები.

აღინიშნა, რომ ბანკის მიერ საქართველოსთან 30-წლიანი თანამშრომლობის განმავლობაში, ქვეყნის ეკონომიკის სხვადასხვა სექტორის, მათ შორის, საგზაო ინფრასტრუქტურის მშენებლობის, ენერგეტიკის, საინფორმაციო ტექნოლოგიების, ციფრული ეკოსისტემის, სოფლის მეურნეობის მხარდაჭერის, ფინანსებზე ხელმისაწვდომობისა და ინსტიტუციური განვითარების მიმართულებით განხორციელებული აქვს 4 მლრდ აშშ დოლარზე მეტი ინვესტიცია. ამჟამად, ბანკის პორტფელი 1,5 მლრდ აშშ დოლარს შეადგენს.

აღინიშნა, რომ მიმდინარეობს საქართველოსა და მსოფლიო ბანკს შორის თანამშრომლობის ახალ ჩარჩო დოკუმენტზე მუშაობა, რომლის დროსაც ყურადღება გამახვილდა ეკონომიკის იმ პრიორიტეტულ მიმართულებებზე, რომელთა განვითარებაც საქართველოს ეკონომიკურ ზრდას შეუწყობს ხელს.

შეხვედრაზე ხაზი გაესვა იმ გარემოებას, რომ საქართველო ინარჩუნებს მაღალ ეკონომიკურ ზრდას, რაც მას გამოარჩევს არა მხოლოდ რეგიონის, არამედ ევროკავშირის კანდიდატ და ზოგადად ევროპის ქვეყნებს შორის. პოზიტიურად შეფასდა პოსტ-პანდემიურ პერიოდში ისეთი დარგების  ეკონომიკური აქტივობის აღდგენა, როგორიცაა: ტურიზმი, სამოქალაქო ავიაცია, ტრანსპორტი და ლოგისტიკა, ენერგეტიკა, სხვადასხვა სერვისები და ა.შ.

ყურადღება გამახვილდა ისეთი ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების მნიშვნელობაზე, როგორიცაა: ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი, შავი ზღვის წყალქვეშა კაბელი,  და სხვ.  მხარეებმა აგრეთვე დადებითად შეაფასეს თანამშრომლობა საქართველოში კაპიტალის ბაზრის განვითარების, საპენსიო რეფორმის, სადაზღვევო პოლიტიკისა და სხვა პრიორიტეტულ მიმართულებებში.

შეხვედრაზე განიხილეს „მიკრო, მცირე და საშუალო საწარმოების მხარდაჭერის“ პროექტი, რომელსაც მსოფლიო ბანკი ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსთან და სააგენტოსთან „აწარმოე საქართველოში“ თანამშრომლობის ფარგლებში ახორციელებს. პროექტი, რომლის ღირებულებაა 85 მლნ ევრო, 2026 წლის ზაფხულში უნდა დასრულდეს. აღინიშნა, რომ პროექტის ფარგლებში პერიოდულად ამოქმედდება ქვეყნის სხვადასხვა რეგიონებში რეგიონული საკონსულტაციო ცენტრები მეწარმეობის მხარდასაჭერად – ამ ეტაპზე საქართველოში სამი საკონსულტაციო ცენტრი ფუნქციონირებს – ზუგდიდში, ბათუმსა და თელავში, 2025 წლის ბოლომდე კი ქვეყნის მასშტაბით სულ 11 საკონსულტაციო ცენტრი იმოქმედებს.

რაც შეეხება სხვა პრიორიტეტულ მიმართულებებს, შეხვედრაზე განხილულ იქნა მიმდინარე და სამომავლო პროექტები ტურიზმის, ენერგეტიკის, ტრანსპორტისა და ლოგისტიკის, ინფორმაციული ტექნოლოგიების მიმართულებით.

ასევე იხილეთ