დავით ქართველიშვილი: ასეთი განცხადება საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროდან მე ჯერ არ წამიკითხავს. ეს არის ღირსებით სავსე, არა ვასალური, არამედ თანაბარუფლებიანობის პრინციპზე, პარტნიორის მიერ გაკეთებული შეფასება
პარტია „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი ფრანგი კოლეგების მიერ თბილისში ძალადობრივ შეკრებებზე სამართალდამცავი ორგანოების რეაგირების შეფასების შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებას ეხმიანება და ღირსებით სავსე არავასალურ განცხადებად აფასებს.
„ყველამ თავის „მამიდას“ მიხედოს,“ – წერს სოციალურ ქსელში დავით ქართველიშვილი.
„ასეთი განცხადება საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროდან მე ჯერ არ წამიკითხავს. ეს არის ღირსებით სავსე, არა ვასალური, არამედ თანაბარუფლებიანობის პრინციპზე, პარტნიორის მიერ გაკეთებული შეფასება – ფრანგულ თვალში „დირესა“ და ქართულ თვალში „ბეწვის“ შესახებ. საშინელი სურათი ვითარდება საფრანგეთის ერთდროულად რამდენიმე ქალაქში მშვიდობიან დემონსტრანტებთან არამშვიდობიანი მეთოდებით უსასტიკესად გასწორების სახით. ამ საშინელი სურათის ამსახველ ვიდეოკადრებს კი სოციალურ „დემოკრატულ“ ქსელში მომენტალურად გვიბლოკავენ. ასე რომ, ყველამ თავის „მამიდას“ მიხედოს, ხოლო ვისაც ღირსება გაღიზიანებთ – გაგვატარეთ!“ – წერს ქართველიშვილი.