CIA-ს ხელმძღვანელი „ჰამასთან“ მოლაპარაკების შანსს ხედავს
CIA-ს ხელმძღვანელმა მოლაპარაკებების დროს ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუსა და ისრაელის სხვა ლიდერებს განუცხადა, რომ ის ჯერ კიდევ ხედავს „ჰამასთან“ შეთანხმების შესაძლებლობას. ამის შესახებ The Times Of Israel სატელევიზიო არხ Channel 12-ზე დაყრდნობით იუწყება.
არხის ცნობით, უილიამ ბერნსმა ისრაელში ვიზიტის დროს მასპინძლებს უთხრა, რომ ისრაელმა „ომის დასასრული“ არ უნდა განიხილოს, როგორც „სრული გაჩერება“, არამედ უნდა განიხილოს როგორც „მძიმე“, რომელიც შესაძლოა, საუდის არაბეთთან ისრაელის ურთიერთობის ნორმალიზების პროცესით დასრულდეს.
საპასუხოდ ისრაელმა განაცხადა, რომ „ჰამასის“ წინადადება ყველა წითელ ხაზს კვეთს და მიუღებელია.
მედიის ცნობით, ისრაელის მხარემ CIA-ს ხელმძღვანელს ასევე უთხრა, რომ „ჰამასის“ ლიდერი ღაზაში კმაყოფილია იმ ფაქტით, რომ აშშ-მა ისრაელს იარაღის მიწოდება შეუჩერა და ეს ნაბიჯი შეთანხმების პერსპექტივებს კიდევ უფრო ართულებს.
თუმცა, სატელევიზიო არხის ინფორმაციით, სამხედრო კაბინეტის მინისტრი ბენი განცი და მისი კოლეგები ითხოვენ, რომ კაბინეტმა მიიღოს „სტრატეგიული გადაწყვეტილებები“, ვიდრე რაფაში, ან ღაზას სექტორის სხვა ნაწილში ისრაელის თავდაცვის ძალების ოპერაციები გაფართოვდება.