მამუკა მდინარაძე: გვინდა, რომ დასავლეთი ქართველების თვალში იყოს კარგი

“გვეუბნებიან [მთავრობას] დასავლეთს ებრძვითო. კი არ ვებრძვით, გვინდა, რომ დასავლეთი ქართველების თვალში იყოს კარგი. უფრო პრიმიტიულად ვეღარ ვიტყვი. ვიღაცების IQ მართლა ვერ სწვდება მგონი ამას”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ „ქრონიკასთან“ სატელეფონო ინტერვიუში განაცხადა.

დეპუტატი გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა, რომლის მიხედვით, დავით კეზერაშვილი ევროპის პარლამენტების საგარეო საქმეთა კომიტეტების თავმჯდომარეებს თბილისში ვიზიტისთვის 50 000 დოლარს გადაუხდის.

„მე მჯერა მაგალითად ამ ინფორმაციის, მაგრამ მტკიცებულება არ გვაქვს ამის. მოდი იმაზე ვისაუბროთ, რისი მტკიცებულებაც გვაქვს. „ფორმულამ“ FARA-ს მიხედვით ხომ გავიგეთ რომ გადაიხადა საქართველოს დასანქცირებისთვის თანხები. ამის მტკიცებულება გვაქვს. გვეუბნებიან [მთავრობას] დასავლეთს ებრძვითო. კი არ ვებრძვით, გვინდა, რომ დასავლეთი ქართველების თვალში იყოს კარგი. უფრო პრიმიტიულად ვეღარ ვიტყვი. ვიღაცების IQ მართლა ვერ სწვდება მგონი ამას. ახალგაზრდებზე არ ვსაუბრობ. მათ უფრო მაღალი IQ -ც აქვთ და მეტი განათლებაც ვიდრე მათ, ოპოზიციის ლიდერები რომ ჰგონიათ თავი“, – აღნიშნა მდინარაძემ.

„რეპორტიორის“ ინფორმაციით, დავით კეზერაშვილი ევროპის პარლამენტების საგარეო საქმეთა კომიტეტების თავმჯდომარეებს თბილისში ვიზიტისთვის 50 000 დოლარს გადაუხდის. სააგენტოს ინფორმაციით, ის პოლიტიკოსები კი, რომლებიც გამჭვირვალობის კანონის საწინააღმდეგო აქციაზეც გავლენ, დამატებით 50 ათას დოლარს მიიღებენ.

 

ასევე იხილეთ