top_leaderboard

ევროკავშირი ისრაელს სამხედრო ოპერაციის სასწრაფო შეწყვეტისკენ მოუწოდებს

ევროკავშირი მოუწოდებს ისრაელს, სასწრაფოდ შეწყვიტოს სამხედრო ოპერაცია ღაზის სექტორის ქალაქ რაფაჰში.

ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ თუ რაფაჰში ოპერაცია გაგრძელდება, ეს აუცილებლად სერიოზულად დაძაბავს ევროკავშირის ურთიერთობას ისრაელთან.

„ეს ოპერაცია კიდევ უფრო აფერხებს ჰუმანიტარული დახმარების განაწილებას ღაზაში და იწვევს უფრო მეტ შიდა გადაადგილებას, შიმშილობას და ადამიანთა ტანჯვას. მილიონზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე თავს აფარებს რაფაჰში და მის მიდამოებში. მათ უთხრეს, რომ ევაკუაცია განახორციელონ იმ ადგილებში, რომლებიც, გაეროს თანახმად, არ შეიძლება ჩაითვალოს უსაფრთხოდ. მიუხედავად იმისა, რომ ევროკავშირი აღიარებს ისრაელის უფლებას, დაიცვას საკუთარი თავი, ისრაელმა ეს უნდა გააკეთოს საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის შესაბამისად და უზრუნველყოს მშვიდობიანი მოსახლეობის უსაფრთხოება. ევროკავშირი მოუწოდებს ისრაელს, თავი შეიკავოს ღაზაში ისედაც მძიმე ჰუმანიტარული სიტუაციის შემდგომი გამწვავებისგან და ხელახლა გახსნას რაფაჰის გადასასვლელი”, – აღნიშნულია ევროკავშირის საგარეო უწყების განაცხადებაში.

ასევე იხილეთ