ირაკლი კობახიძე: რთველის სუბსიდირება მიმდინარე წელსაც განხორციელდება, რათა სრულად დაბინავდეს მოსავალი, ფერმერებმა მიიღონ ადეკვატური შემოსავალი და ღვინის ინდუსტრიამ შეძლოს ბოლო წლების სტაბილური განვითარების ტემპის შენარჩუნება
„რთველის სუბსიდირება მიმდინარე წელსაც განხორციელდება, რათა სრულად დაბინავდეს მოსავალი და ფერმერებმა მიიღონ ადეკვატური შემოსავალი, ასევე ღვინის ინდუსტრიამ შეძლოს ბოლო წლების სტაბილური განვითარების ტემპის შენარჩუნება“, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, წლიდან წლამდე ვითარდება ქვეყანაში მევენახეობა, მეღვინეობა და ამ დარგის მიმართ სახელმწიფოს მხარდაჭერა ძალიან დიდია.
„სახელმწიფოს მხარდაჭერის შედეგად, გაშენდა ახალი ვენახები, შეიქმნა ახალი საწარმოები, შეიქმნა ახალი ვენახების კადასტრი, წლიდან წლამდე უმჯობესდება ღვინის ხარისხი. ამ წლების განმავლობაში საექსპორტო ბაზრების არეალი ძალიან მნიშვნელოვნად გაფართოვდა და რეკორდულ რაოდენობამდე გაიზარდა ღვინის ექსპორტი, ღვინის მოსავალი და შესაბამისად, ასევე ღვინის ექსპორტი. მუშაობს აგროკრედიტისა და აგროდაზღვევის სისტემა. ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ ეს დარგი წლიდან წლამდე განვითარდეს. ამისთვის განსაკუთრებული მადლობა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრს, სამინისტროს“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
მისივე თქმით, 2024 წელს ყურძნის საპროგნოზო მოსავალი შეადგენს დაახლოებით 300 ათას ტონას.
„ძალიან მნიშვნელოვანია, სახელმწიფომ მიიღოს ყველა ზომა იმისთვის, რომ ეს მოსავალი სათანადოდ დაბინავდეს, მოხდეს ამ მოსავლის სათანადოდ რეალიზაცია. ამისთვის მიმდინარე წელსაც განხორციელდება რთველის სუბსიდირება, რათა სრულად დაბინავდეს მოსავალი და ფერმერებმა მიიღონ ადეკვატური შემოსავალი, ასევე ღვინის ინდუსტრიამ შეძლოს ბოლო წლების სტაბილური განვითარების ტემპის შენარჩუნება.
სახელმწიფო განახორციელებს ფინანსურ ინტერვენციას, 20 ათასზე მეტ მევენახეს მოსავლის რეალიზაციის საშუალება მიეცემა, ასევე რთველში ჩართულ 500-მდე კომპანიას ექნება იმის საშუალება, რომ ყურძნის შეუფერხებლად შესყიდვა-გადამუშავება განახორციელოს. ეს არის სუბსიდიის ამოცანა.
მთავრობის გადაწყვეტილებით, სახელმწიფო სუბსიდიას მიიღებს ის კომპანია, რომელიც 2024 წლის რთველის განმავლობაში შეიძენს და გადაამუშავებს რეგიონში მოწეულ არანაკლებ 100 ტონა რქაწითელის ჯიშის ყურძენს და შესყიდული ერთი კილოგრამი ყურძნის სანაცვლოდ, ყურძნის ჩამბარებელს გადაუხდის არანაკლებ ერთ ლარს.
კახეთის რეგიონში მევენახის მიერ მოწეული ყურძნის შესყიდვის სანაცვლოდ კომპანიებზე გასაცემი სუბსიდია შეადგენს 1 კგ რქაწითელზე 20 თეთრს. საკოორდინაციო შტაბი გაიხსნება იმისთვის, რომ ორგანიზებულად მოხდეს მოსავლის ჩაბარება. ყველაფერი გაკეთდება, რომ დავეხმაროთ ჩვენს ფერმერებს და ასევე შესაბამის კომპანიებს“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.