რუსმა მესაზღვრეებმა ერევნის აეროპორტი ოფიციალურად დატოვეს

რუსმა მესაზღვრეებმა ოფიციალურად დატოვეს ერევნის აეროპორტი. რუსი მესაზღვრეები ზვარტნოცის აეროპორტში სომეხ კოლეგებთან ერთად 1992 წლიდან იმყოფებოდნენ. მათ ერევნის აეროპორტის ტერიტორია სომხეთის მოთხოვნის საფუძველზე დატოვეს.

როგორც სომხური მედია წერს, საჰაერო-გამშვებ პუნქტზე სახელმწიფო საზღვრის დაცვის სომხური მხარისთვის გადაბარების შესახებ პროტოკოლს ხელი სომხეთის ეროვნული უსაფრთხოების სამსახურის სასაზღვრო ნაწილების ძალების მეთაურმა, ედგარ უნანიანმა და სომხეთში რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის სასაზღვრო სამმართველოს უფროსმა, გენერალ-ლეიტენანტმა რომან გოლუბიცკიმ მოაწერეს.

დოკუმენტში სომხური მხარე რუს მესაზღვრეებს მადლობას უხდის და აცხადებს, რომ მათ საქმიანობასთან დაკავშირებით არანაირი პრეტენზიები არ გააჩნია.

სომხეთის პარლამენტის თავმჯდომარემ, ალენ სიმონიანმა განაცხადა, რომ რუსმა მესაზღვრეებმა აეროპორტ ზვარტნოცში საპასპორტო კონტროლის შემოწმება უკვე შეაჩერეს.

სომხეთში რუსი მესაზღვრეების ყოფნასთან დაკავშირებით დისკუსიები გამოიწვია რუსეთის მოქალაქის, დმიტრი სერტაკოვის საქმემ. სერტაკოვი უკრაინაში ომისთვის თავის არიდების მიზნით სომხეთში ჩავიდა და 2023 წლის დეკემბერში ის ერევანში რუსმა ძალოვანებმა ისე დააკავეს, რომ ამის შესახებ სომეხი სამართალდამცავებისთვის არ შეუტყობინებიათ. შემდეგ სერტაკოვის დეპორტაცია განხორციელდა რუსეთში. სომეხმა უფლებადამცველებმა ამ შემთხვევას სომხეთის სამართლებრივ სისტემაზე თავდასხმა უწოდეს.

ამასთან, 2024 წლის თებერვალში სომხეთის ხელისუფლებამ კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციაში წევრობა გაყინა. ამის შემდეგ მალევე სომხეთის პარლამენტის თავმჯდომარე გამოვიდა მოწოდებით, რომ რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებმა ერევნის აეროპორტი უნდა დატოვონ.

 

 

ასევე იხილეთ