შემოსავლების სამსახური: გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს სგპ „ყაზბეგის“ მიმდებარედ უყურადღებოდაა მიტოვებული აშშ-ის მიერ გადმოცემული რენტგენოინსპექტირების სისტემები, სიმართლეს არ შეესაბამება
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური ეხმაურება სხვადასხვა მედიასაშუალებით გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს „ყაზბეგის“ საბაჟო გამშვები პუნქტის მიმდებარე ტერიტორიაზე უყურადღებოდაა მიტოვებული ამერიკის შეერთებული შტატების მიერ საბაჟო დეპარტამენტისთვის გადმოცემული ძვირად ღირებული აპარატურა, კერძოდ, რენტგენოინსპექტირების სისტემები და განმარტავს, რომ აღნიშნული სიმართლეს არ შეესაბამება.
მათი ინფორმაციით, საბაჟო გამშვებ პუნქტში „ყაზბეგი“ განთავსებულია სხვადასხვა დანიშნულების რენტგენოსკანერების მონტაჟისთვის საჭირო რკინის კონსტრუქციის პირველადი/საყრდენი ტექნიკური ნაწილები, რომლებიც 24/7 რეჟიმში უსაფრთხოდ არის დაცული და ამ ეტაპზე მიმდინარეობს ინფრასტრუქტურული სამუშაოებისთვის საჭირო საბოლოო პროცედურები.
„შეგახსენებთ, რომ 2023 წლის აპრილის თვეში, ამერიკის შეერთებული შტატების ექსპორტის კონტროლისა და საზღვრის უსაფრთხოების ერთ-ერთი პროექტის (EXBS) ფარგლებში, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტს გადაეცა საბარგო რენტგენოინსპექტირების 3 სკანერი (RAPISCAN 628XR), რომლის ჯამური ღირებულებაა 300 000 აშშ დოლარი. გადმოცემული სკანერები განკუთვნილია ბათუმისა და ქუთაისის აეროპორტებისთვის, ასევე „ყაზბეგის“ საბაჟო-გამშვები პუნქტისთვის.
ამასთან, კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ საბაჟო-გამშვები პუნქტი „ყაზბეგი“ აღჭურვილია მაღალტექნოლოგიური დანადგარებით ავტოსატრანსპორტო საშუალებების სწრაფი, უსაფრთხო და შეუფერხებელი სკანირებისთვის.
რაც შეეხება მედიასაშუალებებით გავრცელებულ ინფორმაციას – ამ დროისთვის სგპ „ყაზბეგში“ განთავსებულია სხვადასხვა დანიშნულების რენტგენოსკანერების მონტაჟისთვის საჭირო რკინის კონსტრუქციის პირველადი/საყრდენი ტექნიკური ნაწილები, რომლებიც 24/7 რეჟიმში უსაფრთხოდ არის დაცული და ამ ეტაპზე მიმდინარეობს ინფრასტრუქტურული სამუშაოებისთვის საჭირო საბოლოო პროცედურები.
აქვე აღვნიშნავთ, რომ სგპ „ყაზბეგში“ საბაჟო კონტროლის პროცედურების პარალელურად, აქტიურად მიმდინარეობს სარეაბილიტაციო სამუშაოები. კერძოდ, განხორციელდება საერთაშორისო გადაზიდვების განმახორციელებელი სატვირთო ავტომობილებისთვის სპეციალური, საბაჟო კონტროლის თანამედროვე სისტემებით აღჭურვილი გასასვლელის მოწყობა. უკვე სრულად განახლდა ავტომატური სარეზერვო ელექტრო გამანაწილებელი ქსელი, დასრულებულია ავტომობილების დასათვალიერებელი ტექნიკური მომსახურების ანგარის მოწყობა და გრძელვადიანი ექსპლუატაციისთვის განკუთვნილი ახალი სასწორის კონსტრუქცია, რომელიც გათვლილია დიდი ტვირთამწეობის ავტომობილების მაღალი ინტენსივობით აწონვაზე.
საპროექტო სამუშაოების დასრულების შემდეგ, შემოსავლების სამსახური დაინტერესებულ პირებს შესაძლებლობას მისცემს, თავად გაეცნონ კონტროლის/სკანირების პროცესს“, – ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.