„ბლექ სი არენაზე“ Jungle-ის კონცერტი გაიმართა

შეკვეთილში, „ბლექ სი არენას“ სცენაზე ბრიტანული მუსიკალური პროექტის – Jungle კონცერტი გაიმართა.

„ჩვენ პირველად ვართ საქართველოში და პირობას გაძლევთ, რომ დავბრუნდებით”, – ამ სიტყვებით დაემშვიდობა მსმენელს Jungle.

„Jungle ლონდონში ბაზირებულმა მუსიკოსებმა, Josh Lloyd-Watson-მა და Tom McFarland-მა 2013 წელს შექმნეს. ბრიტანული ელექტრონული მუსიკის პროექტმა პირველი მნიშვნელოვანი კომპოზიცია Busy Earnin 2014 წლის აპრილში გამოსცა. Nu Disco და Funk ჟღერადობით შთაგონებული მუსიკოსების შემოქმედება მაშინვე მოექცა მსმენელისა და მუსიკალური კრიტიკოსების ყურადღების ცენტრში, რამაც განაპირობა 2015 წელს მათი მონაწილეობა ყველასთვის ცნობილ ბრიტანულ ფესტივალზე – Glastonbury. მას შემდეგ ჯგუფი აქტიურად გვხვდება მსოფლიოს ცნობილ ფესტივალებსა თუ საკონცერტო დარბაზებში. სულ ბოლოს კი ისინი აშშ-ში Coachella-ს ფესტივლაზე ვიხილეთ. 2018 წელს გამოცემული Casio კი დღემდე ბენდის ერთ-ერთ გამორჩეულ კომპოზიციად ითვლება და არ კარგავს აქტუალობას.

უკვე მეორე წელია, საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით, Black Sea Arena საქართველოში მასშტაბურ კამპანიას – Starring Georgia-ს აგრძელებს. კამპანიის მთავარი მიზანია ხელმისაწვდომი გახადოს ქართველი ახალგაზრდებისთვის საკუთარ ქვეყანაში მათი საყვარელი მუსიკოსების მოსმენა, განავითაროს ქვეყნის გასართობი ინდუსტრია და ხელი შეუწყოს საქართველოს პოპულარიზაციას.

Starring Georgia-ს 2023 წლის სეზონზე საქართველომ არაერთ მეგა-ვარსკვლავს უმასპინძლა. როგორც თბილისში, ასევე შეკვეთილში, მსმენელს საშუალება ჰქონდა მოესმინა ისეთი ცნობილი მუსიკოსებისთვის როგორებიც არიან: Bruno Mars; Imagine Dragons; Damian Lazarus; All day I Dream“,– აღნიშნულია „ბლექ სი არენას“ პრესსამსახურის ინფორმაციაში.

ასევე იხილეთ