„Geopolitical Economy Report“: ვენესუელის ოპოზიცია და ამერიკული მედია, CIA-თან დაკავშირებულ ორგანოებთან მომუშავე, უკრაინაში, საქართველოსა და ერაყში აქტიურად მოქმედი „ედისონ რისერჩის“ ეგზიტპოლის საფუძველზე აცხადებს, რომ არჩევნები გაყალბდა
„ვენესუელის მემარჯვენე ოპოზიცია და ამერიკული მედიასაშუალებები, აშშ-ის მთავრობასთან დაკავშირებული ფირმა „ედისონ რისერჩის“ (Edison Research) მიერ ჩატარებული ეგზიტპოლის საფუძველზე აცხადებენ, რომ 28 ივლისის არჩევნები გაყალბდა“, – წერს დამოუკიდებელი გამოცემა „Geopolitical Economy Report“, რომლის ცნობით, „ედისონ რისერჩი“ მუშაობს CIA-თან დაკავშირებულ ამერიკულ სახელმწიფო პროპაგანდისტულ ორგანოებთან ერთად და აქტიური იყო უკრაინაში, საქართველოსა და ერაყში.
აღნიშნული სტატია, რომლის ავტორი ბენ ნორტონია, ცნობილი ორგანიზაციის, „ვიკილიქსის“ ყურადღების ქვეშაც მოექცა.
როგორც სტატიაში ვკითხულობთ, ვენესუელაში, „ედისონ რისერჩის“ ეგზიტპოლის თანახმად, მემარჯვენე კანდიდატს, ედმუნდო გონსალეს ურუტიას 65% უნდა აეღო, მაშინ, როცა ნიკოლას მადუროს მხოლოდ 31 % მიაკუთვნეს. სწორედ ამ მაჩვენებლებს ეყრდნობოდნენ აშშ-ის მიერ მხარდაჭერილი ოპოზიციის ლიდერი, ლეოპოლდო ლოპესი, ასევე ილონ მასკი და დასავლური მედიასაშუალებები.
„ვენესუელაში ბევრი საარჩევნო ფირმა იმართება ოპოზიციური ფიგურების მიერ და ცნობილია მათი პოლიტიკური მიკერძოებით. ქვეყანაში ყველაზე პატივსაცემი დამოუკიდებელი ორგანიზაციაა Hinterlaces, რომლის ეგზიტპოლის მიხედვით, მადურომ ხმების 54,6% მიიღო, გონსალესმა – 42,8%.
ვენესუელას ეროვნულმა საარჩევნო საბჭომ (CNE) საბოლოოდ განაცხადა, რომ არჩევნებში მადურომ გაიმარჯვა ხმების 51,2%-ით, ხოლო გონსალესმა მიიღო 44,2%, რვა სხვა ოპოზიციურმა კანდიდატმა ერთად კი – 4,6%. ეს შედეგები ახლოს იყო იმასთან, რასაც Hinterlaces პროგნოზირებდა, მაგრამ ძალიან შორს იყო იმისგან, რასაც „ედისონ რისერჩი“ ამტკიცებდა“, – ვკითხულობთ სტატიაში.
ასევე, ხაზგასმულია, რომ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა, რომელიც ვენესუელაში გადატრიალების არაერთი მცდელობის მხარდამჭერი იყო, უარი თქვა მადუროს გამარჯვების აღიარებაზე და სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა შედეგები ეჭვქვეშ დააყენა.
მეორე მხრივ, დამოუკიდებელმა დამკვირვებლებმა განაცხადეს, რომ კენჭისყრა თავისუფალი და სამართლიანი იყო. აშშ-ს იურისტთა ეროვნული გილდიის დამკვირვებლები წერდნენ, რომ მათი დელეგაცია ვენესუელაში „სკრუპულოზურად აკვირდებოდა გამჭვირვალე, სამართლიანი ხმის მიცემის პროცესს ლეგიტიმურობის, არჩევნების ხელმისაწვდომობისა და პლურალიზმზე“. მათ მკაცრად დაგმეს ოპოზიციის „შეტევები საარჩევნო სისტემაზე, ისევე როგორც აშშ-ის როლი დემოკრატიული პროცესისთვის ძირს გამოთხრაში“.
„მიუხედავად იმისა, რომ „ედისონ რისერჩის“ ეგზიტპოლს ამერიკული მედია ვენესუელას არჩევნების შედეგებზე ეჭვის შეტანის მიზნით ხშირად იშველიებდა, ის არავითარ შემთხვევაში არ არის მიუკერძოებელი დამკვირვებელი,“ – ნათქვამია სტატიაში, სადაც ასევე განმარტებულია, რომ სინამდვილეში, „ედისონის“ მთავარი კლიენტები არიან CIA-თან დაკავშირებული აშშ-ის მთავრობის პროპაგანდისტული საშუალებები ამერიკის ხმა, რადიო თავისუფალი ევროპა/რადიო თავისუფლება და ახლო აღმოსავლეთის სამაუწყებლო ქსელები, რომელთა ოპერირებას ახორციელებს ამერიკის გლობალური მედიის სააგენტო, ვაშინგტონში დაფუძნებული ორგანო, რომელიც გამოიყენება აშშ-ის მეტოქეების წინააღმდეგ დეზინფორმაციის გასავრცელებლად.
„ვენესუელას გარდა, „ედისონმა“ ადრე ჩაატარა საეჭვო გამოკითხვა უკრაინაში, საქართველოში და ერაყში – იმ ტერიტორიებზე, რომლებიც აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა უაღრესად სტრატეგიულად მიიჩნია და ვაშინგტონის დაუნდობელი ჩარევის სამიზნე იყო“, – წერს ნორტონი.
ამასთან, სტატიაში აღნიშნულია, რომ „ედისონის“ საერთაშორისო კვლევებს მართავს კომპანიის აღმასრულებელი ვიცე-პრეზიდენტი, რობ ფარბმანი. ის ასევე ვენესუელას ეგზიტპოლის შესახებ პრესრელიზში იყო მოხსენიებული.
„ედისონ რისერჩის“ ვებგვერდის თანახმად, „ფარბმენი მართავს ედისონის საერთაშორისო კვლევებს ახლო აღმოსავლეთსა და აფრიკაში, მათ შორის ისეთი კლიენტებისთვის, როგორიცაა BBC, „ამერიკის ხმა“, ახლო აღმოსავლეთის სამაუწყებლო ქსელები და რადიო თავისუფალი ევროპა/რადიო თავისუფლება“.
„აშშ-ის სახელმწიფო მედია საშუალებები, რომლებიც ზემოთაა ნახსენები, არის მთავარი ნაწილი იმისა, რაც „New York Times“-მა 1977 წელს აღწერა, როგორც „მსოფლიო პროპაგანდის ქსელი, რომელიც აგებულია CIA-ის მიერ“.
„The Times“-მა დაასახელა რადიო „თავისუფალი ევროპა“ და რადიო „თავისუფლება“ (ისევე, როგორც რადიო „თავისუფალი აზია“ და „თავისუფალი კუბა“ რადიო) როგორც „C.I.A. სამაუწყებლო საწარმოები“.
ფაქტობრივად, რადიო „თავისუფალი ევროპა“/რადიო „თავისუფლება“ (RFE/RL) საკუთარ ვებგვერდზე აცხადებს: „თავდაპირველად RFE და RL ფინანსდებოდნენ ძირითადად აშშ-ის კონგრესისგან ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს (CIA) მეშვეობით“. – აღნიშნულია სტატიაში, სადაც ასევე ვკითხულობთ, რომ სწორედ ხსენებული მედიასაშუალება იყო აშშ-ის სახელმწიფო პროპაგანდისტული ინფორმაციული ომის მთავარი ინსტრუმენტი საბჭოთა კავშირისა და მისი მოკავშირეების წინააღმდეგ პირველი ცივი ომის დროს. დღეს კი ის აგრძელებს დეზინფორმაციის გავრცელებას ისეთი ქვეყნების შესახებ, როგორიცაა ვენესუელა, კუბა, ჩინეთი, რუსეთი და ირანი“, – წერს „Geopolitical Economy Report“.