გიორგი ვოლსკი: მსოფლიო რეიტინგები გვიჩვენებს, რომ გამოხატვის თავისუფლება საქართველოში უმაღლეს დონეზეა
„არასდროს, არც ერთ შემთხვევაში, წყლის ჭავლის გამოყენება, არ უნდა იყოს განხილული, როგორც ადამიანის უფლების დარღვევა. მსოფლიო რეიტინგები გვიჩვენებს, რომ გამოხატვის თავისუფლება საქართველოში უმაღლეს დონეზეა და ბევრ ევროპულ ქვეყანას უსწრებს”, – განუცხადა „იმედის კვირას“ აშშ-ის მიერ პოლიციელების სანქცირების საკითხზე საუბრისას პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გიორგი ვოლსკიმ.
„როდესაც საუბარია პოლიციელების სანქცირებაზე, უპირველეს ყოვლისა, რაც უნდა გვახსოვდეს, რომ რიგითიდან დაწყებული, ჩვენი პოლიციელები არიან ის ადამიანები, რომლებიც სამშობლოსთვის თავის დამდები არიან, თავისი სიცოცხლის მიმცემი არიან და რასაკვირველია, სახელმწიფოს იცავენ, როდესაც რევოლუციური პროცესის განვითარებას არ აძლევენ საშუალებას, მაგრამ არასდროს, არც ერთ შემთხვევაში წყლის ჭავლის გამოყენება, არ უნდა იყოს განხილული, როგორც ადამიანის უფლების დარღვევა. მით უმეტეს, მსოფლიო რეიტინგები გვიჩვენებს, რომ გამოხატვის თავისუფლება საქართველოში უმაღლეს დონეზეა და ბევრ ევროპულ ქვეყანას უსწრებს“, – აღნიშნა ვოლსკიმ.
მისივე თქმით, აღნიშნული ფაქტების გამო, საზოგადოებას კითხვა უჩნდება.
„საზოგადოებას უჩნდება დიდი შეკითხვა – რამდენად სამართლიანები არიან ჩვენ მიმართ? რამდენად სამართლიანია ჩვენ მიმართ ის ქვეყანა, რომლის მხარდამხარ ვიბრძოდით იმ ფორმატში, რომელიც მსოფლიო ინტერესებს ითვალისწინებდა“, – დასძინა ვოლსკიმ.