საქართველოს პროკურატურამ საარჩევნო აპარატურის დაზიანების ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ დიდველაში მდებარე საარჩევნო უბანზე, საარჩევნო აპარატურის დაზიანების ფაქტზე, ერთ პირს ბრალდება წარუდგინა.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2024 წლის 26 ოქტომბერს, საქართველოს პარლამენტის არჩევნების მიმდინარეობისას, ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ დიდველაში მდებარე N23 საარჩევნო უბანზე, ბრალდებულმა განზრახ დააზიანა ცენტრალური საარჩევნო კომისიის კუთვნილი, 5 280 ლარად ღირებული, ორი ერთეული ამომრჩეველთა სავერიფიკაციო აპარატი და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

სამართალდამცველებმა ბრალდებული 7 ნოემბერს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის პირველი ნაწილით (სხვისი ნივთის დაზიანება ან განადგურება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად ერთიდან ხუთ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურა ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.

 

ასევე იხილეთ