ირაკლი ჩიქოვანი: 2025 წელს სამხედროების ხელფასები კიდევ 10%-ით გაიზრდება

„2025 წელს სამხედროების ხელფასები 10%-ით გაიზრდება“, – აღნიშნულის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრობის კანდიდატმა, ირაკლი ჩიქოვანმა კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე განაცხადა. თავდაცვის მინისტრობის კანდიდატმა ისაუბრა სამხედროების დაფასების პოლიტიკასა და მათთვის სოციალური პირობების გაუმჯობესების შესახებ. მან ყურადღება გაამახვილა სამხედროების ხელფასების მზარდ დინამიკაზე.

„საკონტრაქტო სამსახურის რიგითის წოდებრივი სარგო მნიშვნელოვნად არის გაზრდილი და დღეს შეადგენს 1770 ლარს, რაც ბოლო წლებთან შედარებით, დაახლოებით 70%-იანი მატებაა. 2025 წელს ჩვენი სამხედროების ხელფასები 10%-ით გაიზრდება“, – განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.

ირაკლი ჩიქოვანმა ყურადღება გაამახვილა სამხედროების საბინაო უზრუნველყოფის პროცესზეც.

„დავიწყეთ მახათას მთაზე მშენებლობის მეორე ეტაპი. პრაქტიკულად, დასრულებულია მოსამზადებელი და საორგანიზაციო სამუშაოები. კიდევ, დაახლოებით, 1200-ზე მეტი სამხედრო მოსამსახურე შეძლებს შეღავათიანი პირობებით საცხოვრებლის შეძენას“, – განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.

მინისტრობის კანდიდატმა, ასევე ყურადღება გაამახვილა თავდაცვის უწყების პროგრამებზე, რომლებიც მიმართულია სამხედროებისა და მათი ოჯახის წევრების სოციალური მხარდაჭერისკენ. მისი თქმით, აქტიურად ხორციელდება ჯარის მაღალი ხარისხის სანივთე ქონებით აღჭურვა, უმაღლეს სტანდარტებს პასუხობს ჯარისკაცის კვების, სამედიცინო და სადაზღვევო პირობები.

საქართველოს თავდაცვის მინისტრობის კანდიდატს, ირაკლი ჩიქოვანს თავდაცვისა და უშიშროების, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის, იურიდიულ საკითხთა, საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე მოუსმინეს.

 

ასევე იხილეთ