top_leaderboard

ანჯეი დუდა: ტრამპს სამშვიდობო მოლაპარაკებებში საკვანძო როლი ექნება

პოლონეთის პრეზიდენტმა ანჯეი დუდამ განაცხადა, რომ უკრაინის მონაწილეობის გარეშე სამშვიდობო მოლაპარაკებები ვერ გაიმართება და ასევე აღნიშნა, რომ მისი ამერიკელი კოლეგის დონალდ ტრამპისგან პირველი ნაბიჯების გადადგმას ელოდება. ამის შესახებ მან BBC-თან ინტერვიუში განაცხადა.

აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის თანამდებობაზე მოსვლის შემდეგ უკრაინასა და რუსეთს შორის შეთანხმების გაფორმების სავარაუდო პერსპექტივებზე საუბრისას დუდამ თქვა, რომ სამშვიდობო მოლაპარაკებები უკრაინის მონაწილეობის გარეშე შეუძლებელია.

ამას ვამბობ, როგორც პოლონეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი, როგორც უკრაინის მეზობელი ქვეყანა და ასევე, როგორც იმ ქვეყნის პრეზიდენტი, რომელმაც თავად გადაიტანა ძალიან მძიმე ისტორიული გამოცდილება“, – აღნიშნა მან და ამ კონტექსტში მეორე მსოფლიო ომის დროინდელი მოვლენები გაიხსენა.

დუდას თქმით, „საერთაშორისო სამართლის დარღვევა“ იქნება, თუ რუსეთს უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიის შენარჩუნების უფლება მიეცა.

„საერთაშორისო თანამეგობრობა ვერ დათანხმდება და მიუღებელია, რომ რუსეთმა უკრაინას გარკვეული ტერიტორიები წაართვა და მათ ძალის გამოყენებით ინარჩუნებს. ეს მიუღებელია. ჩვენ არ უნდა დავუშვათ, რომ რუსეთმა ეს ომი მოიგოს“, – ხაზგასმით აღნიშნა მან.

დუდას თქმით, ტრამპს ესმის რეგიონში არსებული ვითარება და სამშვიდობო მოლაპარაკებებში აშშ-ის ჩართულობა გადამწყვეტი იქნება.

პრეზიდენტ დონალდ ტრამპს – როგორც ნატოს ყველაზე ძლიერი ქვეყნის ლიდერს, როგორც ძლიერი ეკონომიკის ლიდერს – საკვანძო მნიშვნელობა ექნება. მშვიდად ველოდები პირველ ნაბიჯებს, რომლებსაც დონალდ ტრამპი გადადგამს“, – დაასკვნა პოლონეთის ლიდერმა.

ასევე იხილეთ