ე.წ. დონეცკის რესპუბლიკის სასამართლომ საქართველოს მოქალაქეს სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა
რუსეთის ხელისუფლების მიერ კონტროლირებადმა ე.წ. დონეცკის რესპუბლიკის სასამართლომ უკრაინაში მებრძოლ ქართველ მოხალისეს ნიკოლოზ ბერიანიძეს სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა.
როგორც „ეხოკავკაზა“ იტყობინება, ე.წ. სასამართლო ბერიანიძეს დაქირავებულ მებრძოლად ომში მონაწილეობისთვის და სამხედროს სიცოცხლის მოსპობის მცდელობაში ადანაშაულებს.
ამავე ინფორმაციით, ბერიანიძე მსახურობდა ქართულ ჯარში და მონაწილეობდა ნატოს ქვეყნების მიერ ერაყსა და ავღანეთში სამხედრო ოპერაციებში. ქართველი მოხალისე სავარაუდოდ 2016 წელს ჩავიდა კიევში და აზოვის პოლკს შეუერთდა.
უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ ბერიანიძე მარიუპოლში იმყოფებოდა.
„საგამოძიებო კომიტეტი“ ირწმუნება, რომ 2022 წლის მარტში კაცმა, სავარაუდოდ, ესროლა სამ რუს სამხედრო მოსამსახურეს.
ინფორმაციისთვის, აზოვის პოლკი 2014 წელს შეიქმნა. „აზოვის“ მებრძოლებმა მონაწილეობა მიიღეს მარიუპოლის დაცვაში 2022 წლის გაზაფხულზე, ტყვედ ჩავარდა რამდენიმე ასეული ჯარისკაცი. მოგვიანებით უკრაინამ მებრძოლების ნაწილი რუს ტყვეებში გაცვალა.
ზოგიერთ მათგანს რუსეთში გრძელვადიანი პატიმრობა მიუსაჯეს, მათ შორის იყო ალექსანდრ მაქსიმჩუკი, რომელსაც 20 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. გაცვლისა და უკრაინაში დაბრუნების შემდეგ მან რუსეთის წინასწარი დაკავების იზოლატორში სასტიკ წამებაზე ისაუბრა.