მსახიობ ზაზა (ზუზუ) ბეჟაშვილის გარდაცვალებამ ყველა გააოგნა და დაამწუხრა - გული დასწყდათ, რომ ხალისიანი, ნიჭიერი და კეთილი ზუზუ ასე მოულოდნელად წავიდა... მსახიობი 40 წლის იყო.
AMBEBI.GE ესაუბრა ადამიანებს, რომლებსაც მასთან საქმიანი და მეგობრული ურთიერთობა წლების განმავლობაში აკავშირებდათ. კოლეგები და მეგობრები ასე იხსენებენ ზუზუ ბეჟაშვილს:
კრისტი ყიფშიძე, მოდელი: „ძალიან დამწყვიტა გული... ახლა რომ ვიხსენებ, რაღაც მგონია, რომ მაინც უფრო სევდიანი იყო, სულ ხუმრობდა, ხალისობდა, კარგ განწყობაზე დაგაყენებდა, მაგრამ მახსოვს მისი ნაღვლიანი თვალები... არ ვიცი, რა გახდა მისი გარდაცვალების მიზეზი... პირველად რომ გავიცანი და ვნახე, ალბათ 1997-1998 წელი იქნებოდა. რაღაც ჩვენება-კონცერტი იყო, მაშინ როგორც ხდებოდა ხოლმე. იმის მერე სულ სადღაც შეხვედრებზე, პროექტებში ვხვდებოდით. მერე ერთ ფილმში ვითამაშეთ - "გოგონა სლაიდიდან", რომელიც გიგა აგლაძემ გადაიღო. ლენუკა ყიფშიძე მის დას თამაშობდა. ზუზუ ძალიან კეთილი, უბოროტო ადამიანი იყო. ამას იმიტომ არ ვამბობ, რომ გარდაიცვალა და გარდაცვლილზე კარგს ამბობენ. რა თქმა უნდა, კარგად უნდა გაიხსენო, მაგრამ მე მართლაც სულ კარგად მახსოვს.
გულწრფელად მტკივა გული და ოჯახს ვუსამძიმრებ... ბოლოს დიდი ხნის წინ ვნახე. ეს საშინელი ამბავი რომ ვთქვი სახლში, ბავშვმა, ნატაშკამ მითხრა - არ არსებობს, გუშინ დავინახე ქუჩაში, რუსთაველის მეტროსთანო...“