„ეს მკაფიო მესიჯი იქნება როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე მის გარეთ – ხალხი სწორედ იმის გარშემო უნდა გადაერთდეს, რამაც დღევანდელ დღემდე მოგვიყვანა“, – ამის შესახებ პარტია „ხალხის ძალის“ წევრმა, დეპუტატმა დავით კაჭარავამ მედიასთან საუბარში განაცხადა, რითაც გამოეხმაურა 29 აპრილს დაანონსებულ აქციას.
მისი თქმით, საქართველოს აბსოლუტური უმრავლესობის გადაწყვეტილებით, ქვეყანას ევროპული კურსი აქვს აღებული.
როგორც კაჭარავამ აღნიშნა, ის, რაც საქართველოსთვის მიუღებელია, მისთვის გარედან თავს მოხვეული არ უნდა იყოს.
„მნიშვნელოვანია ქვეყნის შიგნით და მის გარეთაც, საზოგადოებამ დაინახოს, რომ ამ ურთულეს პერიოდში ძალიან დიდი მხარდაჭერა აქვს ჩვენს გუნდს – ხელისუფლებას და ვფიქრობ, მთელი მსოფლიოსთვის იქნება გზავნილი, რომ ჩვენ გვსურს, ჩვენით მივიღოთ გადაწყვეტილებები, თუ რომელი გზით უნდა იაროს საქართველომ. ქვეყნის აბსოლუტური უმრავლესობის გადაწყვეტილება არის, რომ ჩვენი გზა არის დასავლეთით, მაგრამ ის სენსიტიური მომენტები, რაც ჩვენთვის მისაღები არ არის, არ შეიძლება საქართველოსთვის გარედან თავს იქნას მოხვეული.
ამიტომ, ვფიქრობ, ეს მკაფიო მესიჯი იქნება როგორც შიგნით, ასევე გარეთ – მნიშვნელოვანი შეკრებაა, რომ ხალხი რაღაცის გარშემო გაერთიანდეს. პრემიერის სიტყვებს გავიხსენებ: ნებისმიერი ოკუპაცია არის დროებითი, თუ მტერმა ვერ მოახერხა შენი იდენტობის წაშლა – ძალიან შინაარსობრივი და სიღრმისეული სიტყვებია და ხალხი სწორედ იმის გარშემო უნდა გაერთიანდეს, რამაც დღევანდელ დღემდე მოგვიყვანა“, – განაცხადა დავით კაჭარავამ.