საფრანგეთის რკინიგზის კომპანიის განცხადებით, დივერსიის შემდეგ სარკინიგზო ხაზები შეკეთდა

საფრანგეთის რკინიგზის ნაციონალურმა კომპანიამ (SNCF-მ) განაცხადა, რომ ქვეყნის სარკინიგზო ქსელში შესაკეთებელი სამუშაოები დასრულდა, რაც 2024 წლის პარიზის ოლიმპიადის პირველ დღეს, გახსნითი ღონისძიების დაწყებამდე მატარებლების ხაზებზე განხორციელებული რამდენიმე დივერსიული ქმედებით, მათ შორის ცეცხლის გაჩენით იყო განპირობებული.

„SNCF-ის ქსელის პერსონალის განსაკუთრებული ძალისხმევის წყალობით, რომლებიც პარასკევის დილიდან მოყოლებული შეუჩერებლად მუშაობდნენ, ყველა მაღალსიჩქარიან სარკინიგზო სერვისზე, რომლებიც დივერსიული შეტევებით დაზარალდა, შესაკეთებელი სამუშაოები დასრულებულია“, – ნათქვამია SNCF-ის განცხადებაში.

კომპანიის ინფორმაციით, ტესტირების პროცესი დასრულდა და მატარებლის ხაზები ორშაბათს (29 ივლისს) დილიდან ჩვეულ რეჟიმში, შეფერხების გარეშე იმუშავებს.

რკინიგზის ოპერატორის ინფორმაციით, პარიზსა და სამხრეთ-დასავლეთს შორის მარშრუტზე პრაქტიკულად ყველა დაგეგმილი მატარებელი კვლავ მოძრაობდა.

„პარიზიდან ჩრდილოეთით მიმავალი ოთხი მატარებლიდან სამი შეფერხების გარეშე მუშაობდა“, – განაცხადეს SNCF-ში.

პარიზიდან აღმოსავლეთით მიმავალი ხაზი შაბათიდან (27 ივლისიდან) დაუბრუნდა ჩვეულ მუშაობას.

ასევე იხილეთ