დონალდ ტრამპი: კამალა ჰარისს არ აქვს გონებრივი შესაძლებლობები ჩემს წინააღმდეგ ნამდვილი დებატებისთვის
ამერიკის ყოფილმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ვიცე-პრეზიდენტი კამალა ჰარისი „ფოქს ნიუსის“ მიერ შეთავაზებულ დებატებზე უარის თქმის გამო გააკრიტიკა. საკუთარ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ განცხადებაში დონალდ ტრამპი აღნიშნავს, რომ ჰარისს „დაბალი აიქიუ“ აქვს და მას არ ჰყოფნის „გონებრივი შესაძლებლობები“ მასთან დებატებისთვის.
„კამალა ჰარისს არ აქვს გონებრივი შესაძლებლობები ჩემს წინააღმდეგ ნამდვილი დებატებისთვის, რომელიც 4 სექტემბერს პენსილვანიაში ჩაინიშნა. მას ეშინია ამის გაკეთება, რადგან ის ვერ გაამართლებს თავის კორუფციას და ღია საზღვრებს, ჩვენი ქვეყნის გარემოს განადგურებას, ავღანეთის სირცხვილს, ინფლაციას, საშინელ ეკონომიკას, მაღალ საპროცენტო განაკვეთებსა და გადასახადებს.
კამალა ჰარისი აღიარებულია, როგორც ყველაზე ცუდი ვიცე-პრეზიდენტი ისტორიაში, რომელიც ძალიან კარგად მუშაობს ყველაზე ცუდი პრეზიდენტის, თაღლითი ჯო ბაიდენის წინააღმდეგ. ამ ორი დაბალი აიქიუს მქონე ინდივიდის კომბინაციამ გაანადგურა ჩვენი ქვეყანა, მაგრამ ჩვენ ამერიკას კვლავ დიდებულს გავხდით“, – დასძინა ტრამპმა.
ცნობისთვის, აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი და პრეზიდენტობის კანდიდატი დონალდ ტრამპი ვიცე-პრეზიდენტთან, კამალა ჰარისთან დებატებზე „ფოქს ნიუსის“ შეთავაზებას დათანხმდა, თუმცა ჰარისმა შეთავაზებაზე უარი განაცხადა. მანამდე, დებატები პრეზიდენტობის კანდიდატებს შორის დაგეგმილი იყო ტელეკომპანია „ეიბისის“ ეთერში 10 სექტემბერს, თუმცა მას შემდეგ, რაც ჯო ბაიდენმა არჩევნებიდან საკუთარი კანდიდატურა მოხსნა, გაურკვეველი გახდა აღნიშნული დებატების ჩატარების საკითხი. ჰარისი თანახმაა, დებატები კვლავ 10 სექტემბერს „ეიბისის“ ეთერში შედგეს.