ირაკლი ქადაგიშვილი: ასეთი ზეწოლა საქართველოზე გამიზნულია ერთი მარტივი მიზნისათვის – 26 ოქტომბრის არჩევნებისთვის გაკოტრებულ „ნაციონალურ მოძრაობას“ რამენაირად რაღაც პროცენტი მიაღებინონ
„მინდა, ხაზი გავუსვა, რომ ეს ყბადაღებული 95 მილიონი დოლარი საქართველოს ბიუჯეტში არსად არ იძებნება, არცერთი პენსია, ხელფასი, ჯარისკაცის თუ პოლიციელის, სახელმწიფო ინსტიტუციის და სოციალური პროგრამა საზღვარგარეთიდან არ ფინანსდება”, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.
ქადაგიშვილის განცხადებით, ყველაფერი ფინანსდება საქართველოს ბიუჯეტიდან, მათ შორის, ლუგარის ლაბორატორია.
„ლუგარის ლაბორატორიაში თუ რომელიღაც კვლევითი პროექტი შეჩერდება, ეს, რა თქმა უნდა, ცუდია, მაგრამ ვერავინ მეტყვის ვერანაირ ლოგიკურ ბმას იმასთან დაკავშირებით, თუ რა შუაშია გამჭვირვალობა და ლუგარის ლაბორატორია. ჩვენ ერთი რამ კარგად ვიცით, რომ რუსეთი მუდმივად მოითხოვდა ლუგარის ლაბორატორიის დახურვას, არ ვიცი, ამერიკის შეერთებული შტატები რუსეთის ნარატივს რატომ მისდევს კვალდაკვალ. სურათი არის ნათელი, ინტერესი იმისა, რომ საქართველო იქნეს გარკვეულწილად მეორე ფრონტის ქარცეცხლში ჩათრეული, როგორც ჩანს, კვლავ ძალიან მაღალია. ამას ემსახურება სწორედ ეს განცხადებები, რომელთა უკანაც რაიმე კონკრეტული არგუმენტიც კი არ არსებობს. ასეთი ზეწოლა საქართველოზე გამიზნულია ერთი მარტივი მიზნისათვის, რომ რამენაირად ქართველ ხალხზე მოახდინონ ზეგავლენა, შანტაჟი, რათა 26 ოქტომბრის არჩევნებისთვის გაკოტრებულ „ნაციონალურ მოძრაობას“ რამენაირად რაღაც პროცენტი მიაღებინონ“, – განაცხადა ქადაგიშვილმა.