მამუკა მდინარაძე: ის ადამიანები არიან ჩვენს სიაში, ვინც განსაკუთრებული ღირსებით გამოირჩევიან

„ჩვენ სიის დაკომპლექტებას გარკვეული კრიტერიუმებით გავაგრძელებთ. გვაქვს ამბიცია, რომ 100-ზე გაცილებით მეტი ადამიანი მივიღოთ საკონსტიტუციო უმრავლესობის სახით პარლამენტში, იქიდან გამომდინარე, რომ დღევანდელი საზოგადოების მხარდაჭერა და განწყობა მმართველი პარტიისადმი ასეთია”, – განაცხადა მედიასთან საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ და მმართველი პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ.

მისი თქმით, „ქართული ოცნების“ საარჩევნო სიაში არიან ის ადამიანები, რომლებიც განსაკუთრებული ღირსებით გამოირჩევიან.

„ეს ამბიცია გვაქვს და ეს ამბიცია ამ ქვეყანას გამოადგება იმაში, რომ საქართველოს შესახებ გადაწყვეტილებები საქართველოში მიიღებოდეს და არა საქართველოს გარეთ. როდესაც ვსაუბრობთ მშვიდობაზე, ღირსებაზე, კეთილდღეობაზე და მხოლოდ ამ გზით ევროინტეგრაციაზე, ეს გზავნილი შემთხვევითი არ არის. ვინც განსაკუთრებული ღირსებით გამოირჩევა, ვინც განსაკუთრებულად საამაყოს ხდის ამ ქვეყნის მოქალაქეობას, ის ადამიანები ვიხილეთ ჩვენ სიაში, მათ შორის ის სპორტსმენები, რომელთა გამარჯვების გამო ბევრჯერ მოუსმენია მსოფლიოს საქართველოს ჰიმნი. ასეთივე ღირსებით გააგრძელებენ ისინი სამშობლოს მსახურებას ახლა უკვე პოლიტიკაში და დარწმუნებული ვარ, ამ მიმართულებითაც წარმატებულები იქნებიან. სამშობლოს პატრიოტ ადამიანებზე ხდება ხოლმე აქცენტირება.

რაც შეეხება თეა წულუკიანს, მან და გუნდმა ერთად გადავწყვიტეთ, რომ ის საპარლამენტო ორგანოში გადმოინაცვლებს, „ნაციონალური მოძრაობისთვის“ ძლიერი ოპონენტი იქნება“, – განაცხადა მდინარაძემ.

ასევე იხილეთ