Le Monde: ზელენსკი ითხოვს უკრაინის NATO-ში გაწევრიანებას, ევროპელები კი სხვა გამოსავალს ეძებენ
„იმ ინიციატივების მოლოდინში, რომლებიც აშშ-ის არჩეულ პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს აქვს რუსეთ-უკრაინის კონფლიქტის მოსაგვარებლად, უკრაინის ხელისუფლება მიიჩნევს, რომ ქვეყნის მომავალი NATO-ზეა დამოკიდებული”, – წერს ფრანგული გაზეთი Le Monde სტატიაში სათაურით „ზელენსკი ითხოვს უკრაინას NATO-ში გაწევრიანებას, ევროპელები კი სხვა გამოსავალს ეძებენ“.
„უკრაინის მიწვევა NATO-ში აუცილებელია ჩვენი გადარჩენისთვის“, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
მაშინ, როდესაც NATO-ს წევრი სახელმწიფოების საგარეო საქმეთა მინისტრები ბრიუსელში 3-4 დეკემბერს უნდა შეიკრიბონ, უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა თითოეულ წევრ სახელმწიფოს წერილი გაუგზავნა, სადაც მათ სთხოვს „მიიღონ გადაწყვეტილება უკრაინის ატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანებაზე მიწვევის შესახებ“.
გაზეთი Le Monde აღნიშნავს, რომ ბრიუსელში ეს ჰიპოთეზა დღეს არ განიხილება.
„უკრაინის NATO-ში გაწევრიანება – ეს არის ვარიანტი, რომელიც ბევრ მოკავშირეს ძალიან უხერხულ მდგომარეობაში აყენებს“, – განუცხადა ფრანგულ გაზეთს ევროპელმა დიპლომატმა.
„თუ გარკვეული სახელმწიფოები, როგორიცაა საფრანგეთი და დიდი ბრიტანეთი, მხარს უჭერენ უკრაინისათვის ალიანსში გაწევრიანების მოწვევის გაგზავნას, ამერიკის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი უარს ამბობს ამაზე, ხოლო დონალდ ტრამპი არასდროს უჭერდა მხარს ასეთ ვარიანტს“, – აღნიშნულია სტატიაში.