კახა კალაძე ელჩებზე: მათ თავიანთი თავი ამ ქვეყნის პატრონი ჰგონიათ – ამ ქვეყნის ბატონ-პატრონი ქართველი ხალხია
თბილისის მერი კახა კალაძე მიიჩნევს, რომ სხვა ქვეყნის ელჩებს საქართველოს შიდაპოლიტიკურ საქმეებში ჩარევის უფლება არ აქვთ. მისი თქმით, კრიტიკა მისაღებია, თუმცა ამ ქვეყნის ბატონ-პატრონი მხოლოდ და მხოლოდ ქართველი ხალხია.
„ეს არის სამწუხარო მოცემულობა. მაგალითად, გავიხსენოთ, სულ რამდენიმე თვის წინ, როდესაც საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდა, რა ტიპის განცხადებები კეთდებოდა თუნდაც ევროკავშირის ან ზოგიერთი სხვა ქვეყნის ელჩის მხრიდან. წარმოუდგენელია უბრალოდ, შენი განცხადებებით ერეოდე წინასაარჩევნო კამპანიაში, ქვეყნის შიდაპოლიტიკურ საქმეებში. მათ თავიანთი თავი, თავიანთი ქვეყნებიდან, ამ ქვეყნის პატრონი ჰგონიათ. წარმოუდგენელია ეს. ამ ქვეყნის ბატონ-პატრონი ქართველი ხალხია. აქ კრიტიკაზე არ არის საუბარი. შეგიძლია, გააკრიტიკო, მაგრამ არ გაქვს უფლება, ჩაერიო ქვეყნის შიდაპოლიტიკურ საქმეებში“, – განაცხადა კახა კალაძემ.
მისივე შეფასებით, საქართველოს ხელისუფლებისთვის, რომელიც დაიცავს ქვეყნის დამოუკიდებლობასა და სუვერენიტეტს, მთავარი მოქალაქეების ინტერესებია.
„როდესაც გერმანიაში ტარდებოდა არჩევნები, ილონ მასკმა გააკეთა განცხადება ამასთან დაკავშირებით. მაშინვე გამოვიდნენ და ევროპიდან გააკეთეს განცხადებები, თურმე როგორ შეიძლება ეს, რადგან არჩევნებში პირდაპირ ჩარევააო. როგორც კი საკუთარ ქვეყანასთან, საკუთარ თავთან დაკავშირებით გაკეთდა განცხადებები, მაშინვე გამოითქვა, ეს როგორ შეიძლებაო. რუმინეთში არჩევნები გააუქმეს საერთოდ. გინახავთ, ვინმე გამოსულიყო და ეს ყველაფერი გაეკრიტიკებინოს? ჰგონიათ, რომ საქართველო რაღაც მეასეხარისხოვანი ქვეყანაა. პირიქით, დღეს საქართველოს ჰყავს პატრიოტი ხელისუფლება. ჩვენთვის მთავარი და მნიშვნელოვანი ამ ქვეყნის ინტერესებია. დავიცავთ ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობას, განვამტკიცებთ და გავაძლიერებთ ქვეყნის სუვერენიტეტს. არავის მიეცემა უფლება, ქვეყანასთან დაკავშირებით ჰქონდეს თუნდაც იმ ტიპის დამოკიდებულება, რასაც ვხედავდით მსგავსი ტიპის განცხადებებით“, – აღნიშნა დედაქალაქის მერმა.