შალვა პაპუაშვილი ოპოზიციაზე: ამაზე დიდი სირცხვილი რა შეიძლება იყოს, როცა სხვა ქვეყნის პოლიტიკური ჯგუფები გაფინანსებენ და საკუთარ დღის წესრიგს გატარებინებენ
ამაზე დიდი სირცხვილი რა შეიძლება იყოს, როცა სხვა ქვეყნის პოლიტიკური ჯგუფები გაფინანსებენ და საკუთარ დღის წესრიგს გატარებინებენ, – განაცხადა ჟურნალისტებთან პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა.
მისივე თქმით, სწორედ „დიფ სთეითის“ მარიონეტების გამო არსებობს აშშ-ში უცხოური აგენტების რეესტრი და სწორედ ასეთი ხალხი შეჰყავთ იმ რეესტრში, რომლებიც პირდაპირ იღებენ სარგებელს უცხოური პოლიტიკური ქსელებიდან.
„რადიკალური ოპოზიცია არის ჩვეულებრივი მარიონეტი უცხოური პოლიტიკური ჯგუფებისა და ქსელების, რომელიც ზუსტად ამ „დიფ სთეითის“ ნაწილია. უცხოურმა ქსელებმა, ნახეს რა, რომ საქართველოს ხელისუფლების მარიონეტად ქცევა ვერ შეძლეს, შემოიკრიბეს მარიონეტები რადიკალურ ოპოზიციისა და NGO-ების სახით. ზოგ NGO-ს თავის ქვეყანაში არეგისტრირებენ. ნახეთ, რომ ესტონური NGO-ები მომრავლდნენ სოკოებივით საქართველოში. ზოგი რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენელი დაჰყავთ თავისთან ტურებზე, ასეირნებენ და ასე ვთქვათ, არაფერს აკლებენ, ფული იქნება ეს თუ, დაფინანსება მათი ამ ტურების, იმისთვის, რომ შეასრულონ შემდეგ მათი მითითებები. ამის გამო არის, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებში მოქმედებს უცხოური აგენტების რეესტრი. სწორედ ასეთი ხალხი შეჰყავთ იმ რეესტრში, დამოუკიდებელი ქვეყნის პოლიტიკოსები, რომლებიც პირდაპირ იღებენ სარგებელს უცხოური პოლიტიკური ქსელებიდან. ამაზე დიდი სირცხვილი რა შეიძლება იყოს, როცა სხვა ქვეყნის პოლიტიკური ჯგუფები გაფინანსებენ და საკუთარ დღის წესრიგს გატარებინებენ“,- აღნიშნა პაპუაშვილმა.