top_leaderboard

სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოსა და საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოსა და საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა, რომელსაც ხელი მოაწერეს სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორმა ლევან გამყრელიძემ და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ვიცე – რექტორმა თამარ წერეთელმა.

ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში განხორციელდება სტუდენტებისა და პერსონალის კვალიფიკაციის ამაღლებასთან და პროფესიული უნარ-ჩვევების გამომუშავებასთან დაკავშირებული ერთობლივი ღონისძიებები. აღნიშნული, საავტომობილო დარგში განხორციელებული და მიმდინარე რეფორმების ფარგლებში, სტუდენტების განვითარებისთვის მჭიდრო სამეცნიერო – პედაგოგიურ და პრაქტიკულ თანამშრომლობას, ასევე დარგში კვალიფიციური პერსონალის დაკომპლექტებას უზრუნველყოფს.

შეხვედრისას ყურადღება გამახვილდა სასერტიფიკატო პროგრამებზე, რაც საავტომობილო დარგში დასაქმებულთა სატესტო/საგამოცდო პროგრამების შემუშავებასა და სამეცნიერო საბჭოებზე დამტკიცების პროცედურების წარმართვას გულისხმობს.

მხარეებმა ასევე განიხილეს საგზაო უსაფრთხოების, ტრანსპორტისა და ლოგისტიკის ეროვნული სტრატეგიების იმპლემენტაციისას ტექნიკური უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის, სამუშაო ჯგუფებსა თუ კომისიებში ჩართულობის შესაძლებლობებიც.

ლევან გამყრელიძემ მადლობა გადაუხადა უნივერსიტეტის ადმინისტრაციას თანამშრომლობისთვის და აღნიშნა, რომ ეს შეთანხმება მნიშვნელოვანია როგორც სააგენტოსთვის, რადგან საავტომობილო დარგი ახალი, კვალიფიციური ადამიანური რესურსით შეივსება, ასევე უნივერსიტეტის შესაბამისი საგანმანათლებლო ერთეულების – ამ შემთხვევაში სატრანსპორტო სისტემების და მექანიკის ინჟინერიის ფაკულტეტის სტუდენტებისთვის, რომლებიც შეძლებენ ახალი პროფესიების დაუფლებას და შემდგომში დასაქმებას.

ღონისძიებას სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს და სტუ-ის ადმინისტრაციის წარმომადგენლები, სატრანსპორტო სისტემებისა და მექანიკის ინჟინერიის ფაკულტეტის საავტომობილო ტრანსპორტის და ლოგისტიკის პროგრამის პროფესორ- მასწავლებლები და სტუდენტები ესწრებოდნენ.

ინფორმაციას სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტო ავრცელებს.

ასევე იხილეთ