საქართველოს საპარლამენტო დელეგაციამ უნგრეთში შეხვედრები გამართა
საქართველოს საპარლამენტო დელეგაციამ, რომელსაც განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე გივი მიქანაძე ხელმძღვანელობს, უნგრეთში შეხვედრები გამართა.
დელეგაცია ბუდაპეშტის ევროპის ახალგაზრდული ცენტრის დირექტორს ბალინტ მოლნარს შეხვდა.
შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა ახალგაზრდების მნიშვნელოვან როლზე საზოგადოების განვითარების პროცესში და ახალგაზრდული პოლიტიკის შემუშავებასა და განხორციელებაში ახალგაზრდების მონაწილეობის მნიშვნელობაზე.
გივი მიქანაძემ ბალინტ მოლნარს საქართველოს ახალგაზრდული პოლიტიკის პრიორიტეტული მიმართულებები და ახალგაზრდობის კონტექსტში საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის საქმიანობა გააცნო. მხარეებმა არსებული თანამშრომლობის გაღრმავების შესაძლებლობებზე იმსჯელეს.
გივი მიქანაძე და დელეგაციის წევრები ასევე შეხვდნენ უნგრეთის საერთაშორისო ურთიერთობების ინსტიტუტის პრეზიდენტს გლადენ პაპინს. მან დელეგაციის წევრებს ინსტიტუტის საქმიანობის მიზნები და ძირითადი მიმართულებები გააცნო.
შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე პროგრესის მიღწევაში უნგრეთის მხარდაჭერის მნიშვნელობაზე. მხარეებმა იმსჯელეს სამომავლო თანამშრომლობის შესაძლებლობებზე.
უნგრეთის საერთაშორისო ურთიერთობების ინსტიტუტის პრეზიდენტთან შეხვედრას ასევე ესწრებოდა საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი უნგრეთსა და მონტენეგროში თამარ ლილუაშვილი.
საქართველოს პარლამენტის დელეგაციის შემადგენლობაში არიან: განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე გივი მიქანაძე, თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი ჩაკვეტაძე, მოადგილე პაატა სალია და საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე დავით მათიკაშვილი.
ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.