logo_geo
სასამართლომ ექიმ-ანესთეზიოლოგს 2 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა
- +

11 ოქტომბერი. 2017. 13:14



თბილისის საქალაქო სასამართლომ ექიმ-ანესთეზიოლოგ-რეანიმატოლოგი გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობისათვის დამნაშავედ ცნო და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი დაადგინა.


საქმის მასალების თანახმად, 2015 წლის 4 თებერვალს, თბილისში მდებარე ერთ-ერთ კლინიკაში, პაციენტს, ჰიდრონეფროზის დიაგნოზით, ჩაუტარდა ოპერაცია და პოსტოპერაციულ პალატაში იმყოფებოდა ანესთეზიოლოგ ვახტანგ ა.-ს დაკვირვების ქვეშ.


თბილისის საქალაქო სასამართლოს განცხადებით, ავადმყოფის მდგომარეობა დამძიმდა არტერიული წნევის ვარდნის გამო, ბრალდებულმა ანესთეზიოლოგმა კი ვერ განახორციელა სუბკლავიის ჩადგმა, არ გადაამოწმა სისხლის უკუდენის შემოწმებით ვენა-კათეტერის სწორად დგომა და ისე განახორციელა ინფუზიური თერაპია.


თბილისის საქალაქო სასამართლოს ცნობით, აღნიშნული მანიპულაციით, დაზიანდა მარჯვენა ლავიწქვეშა ვენისა და გულმკერდის არტერია, რამაც ინტრაპლევრალური სისხლდენა გამოიწვია და განვითარდა პოლიორგანული უკმარისობა, ხოლო ჰემორაგიული სითხე დაახლოებით 4 ლიტრის ოდენობით, ფილტვის პლევრაში ჩაიღვარა. ბრალდებული ექიმი უსაფუძვლოდ იმედოვნებდა მდგომარეობის გამოსწორებას, რის გამოც, 6 საათის განმავლობაში პაციენტი ყოველგვარი გამოკვლევების ჩატარების გარეშე ამყოფა. კლინიკის დირექტორის გადაწყვეტილებით, კატასტროფის ბრიგადამ პაციენტი სხვა ჰოსპიტალში გადაიყვანა, თუმცა გაწეული დროული და ადეკვატური ღონისძიებების გატარების მიუხედავად, მისი სიცოცხლის შენარჩუნება ვერ მოხერხდა.


სასამართლომ, მოწმეთა და ბრალდებულის ჩვენებების, პაციენტისთვის გაწეული სამედიცინო ხარისხის შესწავლის შედეგებისა და სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის გათვალისწინებით, ბრალდებული ვახტანგ ა. დამნაშავედ ცნო. სასამართლო დაეყრდნო კომისიური სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნას, რომლის თანახმადაც, პაციენტის სიკვდილის მიზეზი დაზიანებული სისხლძარღვებიდან ინტრაპლევრალური სისხლდენის გამო განვითარებული პოლიორგანული უკმარისობა გახდა.


თბილისის საქალაქო სასამართლოს განცხადებით, კლინიკაში სწორი, დროული და ადეკვატური ღონისძიებების ჩატარების შემთხვევაში, სიკვდილის აცილება შესაძლებელი იყო. სასამართლოს განაჩენით, ბრალდებულს 2 წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა, ასევე დამატებით, 2 წლის ვადით, ჩამოერთვა სამედიცინო საქმიანობის უფლება.


განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში.



 

big_banner
არქივი