logo_geo
აშშ-მექსიკის საზღვართან ნარკოკარტელმა 30-მდე ქართველი მძევლად აიყვანა
- +

16 მარტი. 2024. 17:07

 

 

აშშ-მექსიკის საზღვრიდან  ნარკოკარტელმა 120 ადამიანი გაიტაცა, გავრცელებული ცნობით, აქედან 30 ქართველია. შემთხვევა 13 მარტს მოხდა.

 

ახლობლების ინფორმაციით, გამტაცებლები მძევლების გათავისუფლების სანაცვლოდ 90 000 დოლარს ითხოვენ.

 

გატაცების შესახებ საქართველოს მოქალაქეებმა ოჯახის წევრებს მოკლე ტექსტური შეტყობინებით გააგებინეს.

 

„ტყვეობაში ვარ, ნარკოკარტელებთან, ტრეფიკინგის მსხვერპლი ვარ. გაგვიტაცეს და ფულს ითხოვენ. რაღაც დაჯგუფებაა. 30 კაცი ვართ და 90 ათასს ითხოვენ... შეიძლება ცოტა ხანში ტელეფონი ისევ წაგვართვან, ძმაო, რაღაც სარდაფში ვართ 120 კაცი დამწყვდეული. ველოდებით გაყვანას... იარაღი დამადეს და მეორე დანის კონდახს მირტყამდა იმის გამო, რომ ესპანურად 2 სიტყვა ვიცოდი. ყვიროდნენ და მირტყამდნენ. არ ვიცი რატომ“, - წერს ერთ-ერთი გატაცებული მოკლე ტექსტურ შეტყობინებაში ოჯახის წევრს.

 

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ უწყება კავშირზეა მექსიკის საემიგრაციო სამსახურთან და არკვევს საქართველოს მოქალაქეთა შესაძლო ადგილსამყოფელს.

 

როგორც საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, საელჩო კავშირზე რჩება მოქალაქეთა ოჯახის წევრებთან, რომლებმაც ადგილსამყოფელის დადგენის მიზნით მიმართეს საელჩოს.

 

„საელჩო კავშირზეა მექსიკის საიმიგრაციო სამსახურთან დამატებითი ინფორმაციის მიღების მიზნით და არკვევს მოქალაქეთა შესაძლო ადგილსამყოფელს. საელჩო კავშირზე რჩება მოქალაქეთა ოჯახის წევრებთან, მათთან, ვინც მიმართა საელჩოს ოჯახის წევრის ადგილსამყოფელის დადგენის მიზნით“, – აცხადებენ საგარეო საქმეთა სამინისტროში.

 

გავრცელებული ინფორმაციით, აშშ-მექსიკის საზღვართან კრიმინალურმა დაჯგუფებამ საქართველოს 30-მდე მოქალაქე გაიტაცა, რომლებიც, მექსიკის გავლით, აშშ-ის საზღვართან მისვლას ცდილობდნენ.

 

big_banner
არქივი