logo_geo
სანდრო გირგვლიანის მკვლელობიდან 12 წელი გავიდა.
- +

28 იანვარი. 2018. 03:05


 

შინაგან საქმეთა სამინისტროს მაღალჩინოსნებმა „გაერთიანებული ქართული ბანკის" საერთაშორისო ურთიერთობათა განყოფილების ხელმძღვანელი, 28 წლის სანდრო გირგვლიანი 2006 წლის 28 იანვარს მოკლეს. სტრასბურგის სასამართლომ საქმეზე „ენუქიძე და გირგვლიანი საქართველოს წინააღმდეგ" განჩინება 2011 წლის 26 აპრილს გამოიტანა. სასამართლომ სიცოცხლის უფლების დარღვევა დაადგინა.


სანდრო გირგვლიანის მკვლელობის საქმე ერთ-ერთი ყველაზე გახმაურებული კრიმინალური საქმეა თანამედროვე საქართველოს ისტორიაში. მომხდარმა მკვლელობამ და მასთან დაკავშირებულმა მოვლენებმა საქართველოს მაშინდელი მთავრობის, განსაკუთრებით შინაგან საქმეთა მინისტრის, პოლიტიკის მწვავე კრიტიკა გამოიწვია. ამ მოვლენებმა საქართველოს სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობა და, ზოგადად, მთავრობის მიერ გატარებული დემოკრატიული რეფორმების სიმტკიცე ეჭვქვეშ დააყენა.


გირგვლიანის მკვლელობის საქმეზე კუდ-ის ოთხი თანამშრომელი დააკავეს 2006 წლის 6 მარტს ამ საქმესთან დაკავშირებით, რომლებიც დამნაშავედ იქნენ ცნობილი გირგვლიანისთვის თავისუფლების უკანონო აღკვეთასა და მისთვის ჯანმრთელობის დაზიანებაში, რამაც სასიკვდილო შედეგი გამოიწვია; ოთხივე პირს პატიმრობა შეეფარდათ, თუმცა მათ საპატიმრო ვადა მოგვიანებით პრეზიდენტის შეწყალების შედეგად გაუნახევრდათ და ამას გარდა, მათ მიმართ პირობით ვადამდე გათავისუფლების მექანიზმი იქნა გამოყენებული, რის შედეგადაც 2009 წლის სექტემბერში ოთხივე ოფიცერი პატიმრობიდან გათავისუფლდა.  მსჯავრდებულებმა თავისუფლების აღკვეთის ადგილებში სულ დაჰყვეს 3 წელი და 6 თვე.


ასევე, გირგვლიანის საქმეზე სასამართლომ მაშინდელი შინაგან საქმეთა მინისტრი ვანო მერაბიშვილი დამნაშავედ ცნო სამსახურეობრივი უფლებამოსილების გადამეტებისთვის და მას 3 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.


2018 წლის 5 იანვარს თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე გიორგი არევაძემ სანდრო გირგვლიანის საქმეზე საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი დამნაშავედ ცნო და 3 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.


გამოძიების თანახმად, მიხეილ სააკაშვილმა კუდ-ის იმჟამინდელ ხელმძღვანელს დათა ახალაიას სანდრო გირგვლიანის მკვლელობისთვის მსჯავრდებულების შეწყალების უკანონო დაპირება მისცა და შემდეგ უკვე შეწყალების კომისიის გვერდის ავლით გერონტი ალანია, მიხეილ ბიბილურიძე, ავთანდილ აფციაური და ალექსანდრე ღაჭავა შეიწყალა, რითაც შექმნა სამართლებრივი ბერკეტი, მსჯავრდებულების პირობით ვადამდე გათავისუფლებისთვის.


ამასთან, სასამართლოს გადაწყვეტილებით, მიხეილ სააკაშვილს ერთი წლითა და ხუთი თვის ვადით თანამდებობის დაკავების უფლებაც ჩამოერთვა.




 

big_banner
არქივი