logo_geo
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში სამუშაო შეხვედრა გაიმართა
- +

7 თებერვალი. 2018. 22:16


 

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში სამუშაო შეხვედრა გაიმართა, რომელშიც მინისტრი ბატონი მიხეილ ჩხენკელი, საქართველოს პარლამენტის განათლების,  მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე ქალბატონი მარიამ ჯაში და სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, ბატონი ზურაბ ხონელიძე მონაწილეობდნენ.


საქმიან შეხვედრაზე რექტორმა საუნივერსიტეტო დიპლომატიის კონტექსტში უნივერსიტეტის განვითარების ახალი სტრატეგია კიდევ ერთხელ წარმოადგინა. ცალსახად აღინიშნა, რომ უნივერსიტეტის, როგორც სასწავლო-სამეცნიერო დაწესებულების ინტეგრირება ერთიან ქართულ და ევროპულ სივრცეში ვერ მოხდება აფხაზეთის თემის გვერდის ავლით. რექტორის მხრიდან ასევე ითქვა, რომ უნივერსიტეტის მისია მხოლოდ საგანმანათლებლო ფუნქციით ვერ ამოიწურება, რადგან სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტს, რომელიც  ქვეყნის ბედის თანაზიარია, ხელეწიფება ქართულ-აფხაზური ხიდჩატეხილობის დაძლევა, ყოველგვარ დაპირისპირებათა მშვიდობიან კალაპოტში მოქცევა და ავტორიტეტული მეცნიერულ-ჰუმანისტური დიალოგის წარმართვა ჩვენს აფხაზ ძმებთან. უნივერსიტეტი დღეს ეთნიკურ-მენტალური და სოციო-კულტურული ფასეულობების შემაკავშირებელი ფუნქციის მატარებელია. უნივერსიტეტის ფესვებთან - სოხუმთან მაქსიმალური დაახლოების მიზნით იგეგმება საუნივერსიტეტო სივრცის გაფართოება ხმელეთით სამეგრელოს, ზღვით - ბათუმის გავლით.


შეხვედრაზე ითქვა, რომ უნივერსიტეტის უნიკალური მისია უპირატესობასთან ერთად საგანგებო და ისტორიული პასუხისმგებლობაცაა, რაც მთლიანობაში ქმნის შესაძლებლობას შიდა და გარე რესურსების მობილიზაციით, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი რეგიონში საუნივერსიტეტო - რეგიონულ ცენტრად, ჰაბად ჩამოყალიბდეს. განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო მიესალმება იმ ცვლილებებს, რაც უნივერსიტეტში უმოკლეს დროში განხორციელდა. აღინიშნა, რომ ის ქართული სახელმწიფოს სტრატეგიული განვითარების შემადგენელია. უნივერსიტეტს, როგორც სახელმწიფოს ნაწილს, ექნება სრული მხარდაჭერა არსებული მატერიალურ-ტექნიკური ბაზის შესაცვლელად, ასევე სასწავლო-სამეცნიერო კვლევითი საქმინობების გასაუმჯობესებლად. საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა  და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ, ქალბატონმა მარიამ ჯაშმა აღნიშნა, რომ უნივერსიტეტის ახალი ინოვაციური ხედვა,- საუნივერსიტეტო დიპლომატიის კონტექსტში დღემდე გამოუყენებელი რესურსის, საგანმანათლებლო-აკადემიური პოტენციალის ამოქმედება, - უმნიშვნელოვანესია ნდობის აღდგენისა და ერთიანი ქართული სახელმწიფოს ფორმირების პროცესში. უნივერსიტეტის ხედვები საკანონმდებლო დონეზე იქნება მხარდაჭერილი. ქალბატონი მარიამის აზრით, ვერანაირი ტერიტორიის დაბრუნება ვერ მოხდება ერთმანეთის დაბრუნების გარეშე. ამ მიმართულებით კი ახალი თაობის, სტუდენტების როლი განუსაზღვრელია.


სამუშაო შეხვედრისას ასევე ითქვა, - ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისათ ვის, რომ სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი ღირსეულად იქნას წარმოდგენილი საქართველოს დედაქალაქში, რათა  მისი ისტორიულ ფესვებთან დაბრუნება მოხდეს.


საბოლოოდ, შეხვედრაზე ჩამოყალიბდა პოზიცია, რომ დამოკიდებულება სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტისადმი არის დამოკიდებულება აფხაზეთის თემისადმი, ხოლო დამოკიდებულება აფხაზეთის თემისადმი არის დამოკიდებულება ერთიანი ქართული სახელმწიფოსადმი.


ამგვარად, არა მხოლოდ სახელისუფლებო სტრუქტურების, არამედ არასამთავრობო სექტორის, პოლიტიკური ჯგუფებისა და პარტიების დამოკიდებულება სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტისადმი, შესაბამისი უნდა იყოს.








 

big_banner
არქივი