logo_geo
მე-12 ბატალიონის მე-3 მსუბუქი ქვეითი ასეულის სამხედროებმა ნატოს შეფასების მე-2 დონის პროგრამა წარმატებით დაასრულეს
- +

23 ოქტომბერი. 2021. 10:36

 

 

„NATO-ს ოპერატიული შესაძლებლობების კონცეფციის შეფასებისა და უკუკავშირის პროგრამის” (OCC E&FP) ფარგლებში, საქართველოს თავდაცვის ძალების პირველი ქვეითი ბრიგადის მე-12 მსუბუქი ქვეითი ბატალიონის მე-3 ასეულმა NATO-ს შეფასების მე-2 დონის (NEL-2) საველე სწავლება ჩაატარა და პროგრამა წარმატებით დაასრულა. ვაზიანის სასროლეთზე გამართულ სამხედრო წვრთნებს თავდაცვის ძალების აღმოსავლეთის სარდალი, ბრიგადის გენერალი როლანდ ძნელაძე დაესწრო.

 

მე-12 ბატალიონის მე-3 მსუბუქი ქვეითი ასეულის სამხედროებმა ბრძანების გაცემის, მოტორიზებული პატრულის, ჩასაფრებაზე რეაგირების, მავთულხლართიანი დაბრკოლების გადალახვის, სამედიცინო ევაკუაციისა და უკან გამოსვლის სავარჯიშოები განახორციელეს. სწავლებაში ჯავშამანქანა „დიდგორი“ და სამედიცინო-საევაკუაციო ჯავშანმანქანა „დიდგორი მედევაკი“ მონაწილეობენ.

 

სწავლების დასრულების შემდეგ, სამხედროებს თავდაცვის ძალების აღმოსავლეთის სარდალმა, ბრიგადის გენერალმა როლანდ ძნელაძემ სიტყვით მიმართა და მათ პროგრამის წარმატებით დასრულება მიულოცა.

 

პროგრამის ბოლოს მხარეებმა დოკუმენტზე ხელმოწერით დაადასტურეს, რომ მე-12 ბატალიონის „ჩარლი“ ასეული სრულად არის მზად, მიიღოს მონაწილეობა NATO-ს სწრაფი რეაგირების ძალებში. აღნიშნულ პროგრამას საქართველოს თავდაცვის ძალების გენერალური შტაბის J-7 სამხედრო განათლებისა და საბრძოლო მომზადების დეპარტამენტის საბრძოლო მომზადების სამმართველო ხელმძღვანელობს.

 

„NATO-ს წარმომადგენლები ამჟამად იმყოფებიან საქართველოში, რათა მხარი დაუჭირონ საქართველოს „NATO-ს ოპერატიული შესაძლებლობების კონცეფციის შეფასებისა და უკუკავშირის პროგრამის” განვითარებაში. კონკრეტულად კი, ჩვენი მიზანია ხელი შევუწყოთ „ჩარლი“ ასეულის მე-12 ქვეითი ბატალიონის განმეორებითი სერტიფიცირების მონიტორინგის პროცესს. NATO-ს მოკავშირეთა სახმელეთო სარდლობის შტაბის გარდა, პროცესში ჩართულია ბრუნსუმის NATO-ს გაერთიანებული ძალების სარდლობა და ორი პარტნიორი ქვეყანა - უკრაინა და ბოსნია-ჰერცეგოვინა, რომლებიც მხარს უჭერენ შეფასების მიმდინარეობას. განმეორებითი სერტიფიცირება დაადასტურებს ქართული ქვედანაყოფის ურთიერთთავსებადობასა და ქართველი სამხედროების შესაძლებლობას, იმოქმედონ NATO-ს ქვედანაყოფებთან ერთად NATO-ს რეაგირების ძალების შემადგენლობაში. საქართველო არის ძალიან გამოცდილი და ღირებული პარტნიორი „NATO-ს ოპერატიული შესაძლებლობების კონცეფციის შეფასებისა და უკუკავშირის პროგრამის” ფარგლებში. საქართველოს აქვს პროფესიონალიზმის ძალიან მაღალი სტანდარტი“, - აცხადებს NATO-ს მოკავშირეთა სახმელეთო სარდლობის წარმომადგენელი ემანუელ მოცი.

 

 

big_banner
არქივი