logo_geo
თეა ფირცხალავა: ბატონ არამს, ყოველ ჩამოსვლაზე თბილისში, ბებია გარეთ ეგებებოდა...
- +

7 ივნისი. 2017. 02:07



თეა ფირცხალავა სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:


„1903 წლის 6 ივნისს სოფელ კოჯორში დაიბადა უდიდესი სომეხი, უკაცრავად, სომხური წარმომავლობის უდიდესი საბჭოთა კომპოზიტორი და დირიჟორი - მაესტრო არამ ხაჩატურიანი. მას მართლაც ლეგენდარული ნაწარმოებები აქვს შექმნილი. მარტო „ხმლებით ცეკვა" იკმარებდა მსოფლიო მუსიკალურ შედევრებში ადგილის დასამკვიდრებლად. „უკმაყოფილო" კომპოზიტორი კი სხვას ამბობდა: „არის ჩემს შემოქმედებაში ერთი ხმაურიანი, დაუმორჩილებელი შვილობილი - „ხმლებით ცეკვა" ბალეტიდან „გაიანე". გეფიცებით, რომ მცოდნოდა, რომ ეს მუსიკა ჩემს ყველა სხვა ნაწარმოებს მუჯლუგუნს ამოჰკრავდა და გვერდზე მოისვრიდა, არასოდეს დავწერდი მას. საზღვარგარეთაც კი „მისტერ სეიბადანსს" („მისტერ ხმლითცეკვას") მეძახიან"-ო. გახსოვთ ხაჩატურიანის ბალეტი „სპარტაკი" და უდიდესი მარის ლიეპა, ვასილიევი და მაქსიმოვა?! „სპარტაკთან" დაკავშირებით ხაჩატურიანის მეგობარი - მაესტრო დიმიტრი შოსტაკოვიჩი წერდა: „სპარტაკის" მუსიკა იმდენად ძლევამოსილია, რომ ხანდახან მიჩნდება შიში, რომ ამით, შესაძლოა, მჩაგვრელების წინააღმდეგ მონების რევოლუციური ბრძოლის მთავარი თემა გაფერმკრთალდეს"-ო.

 

არამ ხაჩატურიანმა შექმნა მუსიკა სპექტაკლებისთვის „მაკბეტი", „მეფე ლირი", „მასკარადი", აგრეთვე სერგეი იუტკევიჩის ფილმისთვის „ოტელო". მისი მუსიკა ჟღერს სტენლი კუბრიკის, ტინტო ბრასსას, ძმები კოენების, ჯეიმს კემერონის და სხვა ლეგენდარული რეჟისორების ფილმებში.

 

არამ ხაჩატურიანი გარდაიცვალა 1978 წელს, მოსკოვში. დაკრძალულია ერევანში, კომიტასის პარკის პანთეონში.

 

არამ ხაჩატურიანის ბებიას ძალიან უყვარდა თბილისი და შვილებსა, შვილიშვილებსაც შეაყვარა ჩვენი ქალაქი. ბატონ არამს, ყოველ ჩამოსვლაზე თბილისში, ბებია გარეთ ეგებებოდა, შეძახილით: არამ ჯან, ცავტ ტანემ!

 

მეც ასე დავამთავრებ ჩემს სტატუსს:

 

ბატონო არამ, ცავტ ტანემ!!!" - წერს ფირცხალავა. 


 

big_banner
არქივი