logo_geo
„ჩემს სიმღერებს 50 წლის მერეც თუ იმღერებენ, მაშინ ჩავთვლი, რომ კარგიაო“ - ერთი წელი გია ყანჩელის გარდაცვალებიდან
- +

20 ოქტომბერი. 2020. 02:31

 

 

ალბათ არ არსებობს ადამიანი, ვისაც მის მიერ შექმნილი გენიალური მუსიკის მოსმენისას სასიამოვნო განცდა არ დაუფლებია, მოგონებებში არ ჩაძირულა და მისთვის აპლოდისმენტები არ მიუძღვნია...

 

2 ოქტომბერს გია ყანჩელის გარდაცვალებიდან ერთი წელი გავიდა...

 

უდიდესი კომპოზიტორი არა მხოლოდ საქართველოში, საზღვარგარეთაც ყოველთვის აღიარებული და წარმატებული იყო, მისი გამორჩეულად გემოვნებიანი შემოქმედება მაყურებლისა და მსმენელის აღფრთოვანებას ყველგან იწვევდა, მელოდიური ჰანგები კი კინოფილმებს თუ სპექტაკლებს სულ სხვაგვარ ელფერს სძენდა, უფრო დასამახსოვრებელს ხდიდა და მაყურებელს კიდევ უფრო დადებითად და ინტერესით განაწყობდა...

 

წლები გავიდა და გია ყანჩელის შემოქმედება კიდევ უფრო დაფასდა – შარშან ზაფხულს სრულიად დამსახურებულად დაასახელეს მსოფლიოს სამ უძლიერეს მუსიკოსს შორის, ნინა როტასა და ენრიო მორიკონეს შემდეგ.

 

 

თამთა დადეშელი

აღსანიშნავია, რომ თბილისის საკრებულოს სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის ინიციატივითა და საკრებულოს გადაწყვეტილებით, ჩუღურეთის რაიონში მდებარე ე.წ. არტოს ბაღს გია ყანჩელის სახელი მიენიჭება, რადგან მისი ცხოვრების მნიშვნელოვანი პერიოდი სწორედ ამ უბანსა და ადგილს უკავშირდება.

 

განხილვის შედეგად შეთანხმდნენ, რომ შენარჩუნდება „არტოს ბაღის“ ძველი სახელწოდებაც და მას „გია ყანჩელის სახელობის არტოს ბაღი“ ეწოდება.

 

წლევანდელი „თბილისობა“ მთლიანად გია ყანჩელის ხსოვნას მიეძღვნა. საღამოზე მისი ცნობილი მელოდები შესრულდა.

 

 

კახი კავსაძე, მსახიობი:

– გია ჩემი ძალიან ახლო მეგობარი, ძმაკაცი იყო, მას ბავშვობიდან ვიცნობდი – ერთ უბანში ვცხოვრობდით.

 

 თითქმის თანატოლები ვიყავით, მერე უკვე მუშაობაც ხშირად გვიწევდა ერთად.

 

რუსთაველის თეატრის ასევე დიდი მეგობარი იყო, მე რობიკო სტურუას თითქმის ყველა სპექტაკლში ვმონაწილეობდი, ამიტომ, ხშირი შეხება გვქონდა გიასთანაც და მის მუსიკასთანაც, მისი ნიჭიერებით ყოველთვის აღფრთოვანებული ვიყავი.

 

ქართული ხელოვნებისა და მუსიკისთვის გიას ამ ქვეყნიდან წასვლა დიდი დანაკლისია.

 

ნანი ბრეგვაძე, მომღერალი:

– გია ყანჩელი ჯერ კიდევ ადრეული ახალგაზრდობიდან მახსოვს.

 

ერთხელ, ქუჩაში გამაჩერა... მაშინ ოფიციალურად ჯერ არსად ვმღეროდი, გეპეიში თვითშემოქმედების ორკესტრში დავდიოდი, მუსიკალურ ტექნიკუმში ვსწავლობდი და კონსერვატორიაში ჩასაბარებლად ვემზადებოდი.

 

გრიბოედოვის ქუჩაზე ვცხოვრობდი და გია ჭავჭავაძეზე შემხვდა, ერთმანეთს კარგად ვიცნობდით, თუმცა, ცნობილი კომპოზიტორი ჯერ არ იყო.

 

მითხრა, ერთი კარგი სიმღერა მაქვს და მინდა, შენ იმღეროო.

 

ეს იყო „ყვითელი ფოთლები“!

 

სხვათა შორის, დოკუმენტური კადრები მაჩვენეს, სადაც სამუშაო პროცესი, რეპეტიციაა გადაღებული და ჩემთვის ამის ნახვა სასიამოვნო იყო.

 

მე და გია ახლო მეგობრები ვიყავით, ჭკვიანი და ნიჭიერი კომპოზიტორი გახლდათ, კეთილი გული ჰქონდა, უამრავ ადამიანს ეხმარებოდა ჩუმად, თავისთვის ისე, რომ ამას არ ახმაურებდა.

 

ერთხელ თქვა, ჩემს სიმღერებს 50 წლის მერეც თუ იმღერებენ, მაშინ ჩავთვლი, რომ კარგიაო.

 

50 წელი კი არა, მიმაჩნია, რომ გია ყანჩელს საუკუნეების განმავლობაში მოუსმენენ და შეასრულებენ.

 

ბედნიერი ხალხი ვართ, რომ ასეთი ბუმბერაზი კომპოზიტორი გვყავდა, მსოფლიო დონის.

 

ვამაყობ, რომ მის ბევრ სიმღერას მე ვახმოვანებდი, მათ შორის, თეატრში, კინოში.

 

 „ის აქ არის“, ყველაზე მეტად „შემომრჩა“.

 

გარდაცვალებამდე ერთი წლით ადრე, ჩემთვის დაწერილი სიმღერა უპოვია, ჩავწერეთ, თუმცა, ისეთი ეფექტი ვერ მოახდინა, რადგან მგონია, რომ ძალიან სევდიანია, თუმცა, ვინც მოისმინა, მოეწონა.

 

როცა უკვე ავადმყოფობდა, მასთან რეგულარული კონტაქტი მქონდა, საავადმყოფოში სულ მივდიოდი.

 

ერთხელ, ერთი კაცი მოვიდა საავადმყოფოში, გერმანიიდან იყო ჩამოსული შვილთან ერთად, რომელიც მუსიკალური განხრით სწავლობდა და თურმე, ნატვრა ჰქონდა, გია ყანჩელი ენახა.

 

იმ დროს, გია უკვე ძალიან ცუდად იყო, ბოლო დღეებს ითვლიდა, იწვა, მაგრამ ის ბავშვი მაინც მიიღო და ძალიან ესიამოვნა ეს ფაქტი.

 

სხვათა შორის, ჩვილი ბავშვების სათამაშოები გამოვიდა, რომელიც გია ყანჩელის მუსიკას უკრავს, საწოლზე ჩამოსაკიდებელია, ტრიალებს და თან გიას მელოდები ისმის.

 

 

წარმოგიდგენიათ, სადამდე მივიდა ხალხის სიყვარული? ძალიან კარგი სასაჩუქრე რამაა, ულამაზესია, არაერთხელ შევიძინეთ და ახლობლებს ვუგზავნით ხოლმე.

 

გიაზე დაუსრულებლად შემიძლია ვისაუბრო, მას კარგი მეგობრები ჰყავდა და ისინი უზომოდ უყვარდა, მათ გარეშე სიცოცხლე არ შეეძლო, ამიტომ, ხშირად ჩამოდიოდა და სად ცხოვრობდა? – თავის მეგობართან, ბოლო ხანებში მაინც, სულ იქ იჯდა, იმიტომ, რომ ივსებოდა.

 

მარტოხელა კაცი არ იყო, შესანიშნავი ოჯახი ჰყავს – მეუღლე, ქალ-ვაჟი, ჭკვიანი და კეთილშობილი ადამიანები.

 

გია წუხდა ხოლმე, როგორ დავტანჯე ჩემი მეუღლე და შვილებიო.

 

ეს ტანჯვა არ იყო, ღმერთს არ უნდოდა, მიეღო ის ჯერ... ორჯერ–სამჯერ წავიდა იმ ქვეყნად და უკან დააბრუნა... ასეთი უცნაური ბედი ჰქონდა...

 

ჩვენ კი გავგიჟდებოდით ხოლმე, ავნერვიულდებოდით, ავღელდებოდით, ცუდადააო, რომ გავიგებდით, მაგრამ გავიდოდა სულ ცოტა დრო, მიხვიდოდი და ისევ ამაყად იჯდა მაგიდასთან, კარგად მყოფი.

 

მისი ეს სიცოცხლისუნარიანობა და გარშემო მყოფების მიმართ დიდი სიყვარული აკავებდა ალბათ ამ ცხოვრებაში...

 

საოცარ პატივს სცემდა მთელი რუსი საზოგადოება, მაგრამ არანაკლები იყო უცხოეთში, უნდა გენახათ, რა ხდებოდა!

 

სიმფონიურ ნაწარმოებს ყველა კი ვერ წერს, სიმღერებს კი წერენ, მაგრამ გიამ უფრო დიდი რამ გააკეთა.

 

იცით, რატომ გაგიჟდა მთელი მსოფლიო მის სიმფონიურ ნაწარმოებებზე?

 

ერთი სტილით რომ დაიწყებდა მუსიკას, უცებ ისეთი ქართული მელოდია წამოვიდოდა, ისეთი სითბო, რომ ის შლიდა ყველას.

 

პიანოები უყვარდა, პაუზები – ეს მისია, სხვას არავის აქვს.

 

ეს იყო მელოდია, რომელიც შეგეძლო გემღერა.

 

ეს იყო გია!

 

 

ვაჟა აზარაშვილი, კომპოზიტორი:

– უნიჭიერესი კაცი იყო, მაღალი რანგის პროფესიონალი.

 

იგი დიდი წარმატებით მუშაობდა სიმფონიურ თუ საორკესტრო ჟანრში, მისი ვოკალური, კინო თუ სათეატრო მუსიკა – ყველაფერი შესანიშნავია, თავისი სტილი აქვს, თავისი მე, ორიგინალური ენა, რომლითაც ის გამორჩეულია და მსმენელზე დიდ ეფექტს ახდენს.

 

ყანჩელი ბევრ ქვეყანაში სრულდებოდა და სრულდება, თანაც დიდი წარმატებით!

 

ძალიან მომწონს: „როცა აყვავდა ნუში“, „მიმინო“, „კავკასიური ცარცის წრე“ და რომელი ერთი ჩამოვთვალო!

 

გია ჩემი სკოლელი იყო, ოღონდ ერთი კლასით უფროსი.

 

სერიოზული, ჭკვიანი ბიჭი იყო, შესანიშნავი იუმორი ჰქონდა...

 

პლეხანოვზე ვსწავლობდით, მეშვიდე რკინიგზის სკოლაში, მერე გია გადავიდა, თუმცა, საქმიანი, მუსიკალური კუთხით შეხება მასთან მერე, რა თქმა უნდა, მქონდა მოგეხსენებათ.

 

ის კომპოზიტორთა კავშირში მუშაობდა, გასტროლებზეც ვყოფილვართ ერთად, მოსკოვში საკავშირო მუსიკალური ყრილობები, რომ ტარდებოდა, გიას ნაწარმოებები ყოველთვის სრულდებოდა, თანაც, დიდი წარმატებით.

 

სადაც კი ყანჩელს უკრავდნენ, ყველგან დიდი აღიარება ჰქონდა და ეს კიდევ ერთხელ დადასტურდა, როცა ის მსოფლიოს სამ საუკეთესო კომპოზიტორთა შორის დაასახელეს.

 

ერთი შეხედვით, გულჩათხრობილი კაცი გეგონებოდათ, მაგრამ ასე არ იყო.

 

უკეთილშობილესი პიროვნება გახლდათ, მეგობრებსა და კოლეგებს ყოველთვის პატივს სცემდა.

 

სხვათა შორის, ჩვენ ერთ პედაგოგთან ვსწავლობდით – იონა ტუსკიასთან და ერთდროულად მეცადინეობაც ხშირად გვიწევდა, სხვადასხვა კურსის სტუდენტებს ერთად შეგვკრებდა და მიდიოდა ნაწარმოებების გარჩევა.

 

დიდი კაცი იყო და დიდი სახელი დატოვა, მისი სახელი სამუდამოდ დარჩება არა მხოლოდ საქართველოში, მსოფლიო მუსიკალურ ასპარეზზე.

 

ბოლო კონცერტზე „პაკლონზე“ რომ გამოვიდა, თქვა, მე დიდხანს არ ვიცოცხლებო.

 

რომ დაბრუნდა, გზაში გავაჩერე და ვუთხარი, რაებს ამბობ?! შენ ჯერ კიდევ ბევრი მუსიკა გაქვს-მეთქი დასაწერი...

 

ბოლოს უკვე ტელეფონით ვეკონტაქტებოდი, მეუღლეც ვნახე, ავად რომ იყო...

 

 

ბუბა კიკაბიძე, მომღერალი:

– გია ყანჩელი ჩემი დიდი ხნის მეგობარი იყო, ბავშვობიდან ვიცნობდი, უსაყვარლესი პიროვნება, როგორც შემოქმედი ხომ – უნიჭიერესი, უდიდესი, საერთაშორისო დონის კომპოზიტორი, სიმფონისტი.

 

ის ჩვენი ძალიან ახლობელი იყო და ოჯახებით ვმეგობრობდით.

 

 მასთან მაკავშირებდა წლების მეგობრობა და რაც მთავარია– მუსიკა, მუსიკა და კიდევ მუსიკა!

 

ჩვენ ორ ფილმშიც მოგვიწია ერთად მუშაობა –„მიმინო“ და „არ დაიდარდო“, რომელთათვისაც გია ყანჩელმა შესანიშნავი მუსიკა შექმნა!

 

 

ნიკა წულუკიძე, თეატრმცოდნე, ტელეწამყვანი:

– გია ყანჩელმა და რობიკო სტურუამ ქართულ თეატრში ეპოქა შექმნეს.

 

 „კავკასიური ცარცის წრითა“ და „ხანუმათი“ დაწყებული, რომლის ორი ვერსია გააკეთა, ერთი სტურუასთვის, მეორე პეტერბურგში, ტოვსტონოგოვის თეატრისთვის, რომელი ერთი ჩამოვთვალო, ათეულობით სპექტაკლი, რობერტ სტურუასთან ერთად.

 

ეს იყო საუკეთესო დასტური იმისა, რომ თეატრი სინთეზური ხელოვნებაა, ანუ თანაარსებობა კომპოზიტორის, რეჟისორის და კიდევ ხელოვნების სხვა დარგებისა, ერთობლიობაში ქმნიან ისეთ პროდუქტს, როგორიც ამ ადამიანებმა შექმნეს.

 

გია ყანჩელი ქართულ თეატრში, მუსიკაში, ნამდვილად დიდი მოღვაწე იყო.

 

 

 

წყარო : wyaro
right_banner big_banner
არქივი