logo_geo
ზურაბ აბაშიძე: 2012 წელს აღმოვაჩინეთ, რომ 2004-დან 2011 წლის პერიოდში ჩვენი სტრატეგიული აქტივების დიდი რაოდენობა რუსულ კომპანიებზე გაიყიდა - 2008 წელს რუსეთში ჩვენი ბევრი მოქალაქე დააპატიმრეს და საზოგადოებამ ამაზე არაფერი იცოდა
- +

14 მარტი. 2024. 00:53

"როდესაც პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა მიიღო აბსოლუტურად სწორი გადაწყვეტილება, რომ შევეცადოთ ამ მაღალი ტემპერატურის დაწევას, იმისთვის, რომ ქვეყანაში სიტუაცია დაწყნარდეს, ეკონომიკური სტაბილიზაცია დაიწყოს, გადავწყვიტეთ ე.წ. პრაღის დიალოგის დაწყება და 2012 წლიდან მოყოლებული 26 შეხვედრა ჩატარდა," - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა, ზურაბ აბაშიძემ გადაცემა „იმედი LIVE“-ში განაცხადა.

 

 

აბაშიძემ ისაუბრა პრაღის ფორმატის დიალოგის შექმნის აუცილებლობის მიზეზებზე და ასევე იმაზე, რა შედეგი მოუტანა ამან ქვეყანას.

 

 

„რა კატასტროფა შექმნა 2008 წლის ომმა ყველამ ვიცით - დიდი მსხვერპლი. ლტოლვილების ახალი ნაკადი, ამხელა ზარალი, ამ ყველაფრის შემდეგ მოუწერეს ხელი საერთაშორისო დოკუმენტზე, რომ ეს ომი ჩვენ დაგვიწყია. გარდა ამისა, 2012 წელს აღმოვაჩინეთ, რომ 2004-დან 2011 წლის პერიოდში დიდი რაოდენობა ჩვენი სტრატეგიული აქტივებისა გაიყიდა რუსულ კომპანიებზე. რუსულ კომპანიებზე 14 ელექტროსადგური არის გაყიდული, აღარ ვამბობ მადნეულზე, კვარციტი, აზოტი, ზესტაფონი ქარხანა... რომელი ერთი ჩამოვთვალო. ასეთი ვითარება დაგვხვდა ჩვენ და ხშირად გვაკრიტიკებდნენ, როგორ შეიძლება ხურმა გაყიდო და ღვინო გაიტანო რუსეთში, ეს ხომ სტრატეგიული უკუსვლააო. აღმოვაჩინეთ რომ ჩვენი მოქალაქეები დიდი რაოდენობა რუსეთში არის დაპატიმრებული 2008 წელს და საზოგადოებამ ამის შესახებ არაფერი იცოდა, ისე იყო ეს ყველაფერი მიჩქმალული. საოკუპაციო ზოლზე ძალიან რთული ვითარება იყო შექმნილი, ნებისმიერი პატარა ნაპერწკალი დიდ ძალადობაში შეიძლებოდა გადაზრდილიყო, ამიტომ როდესაც პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა მიიღო აბსოლუტურად სწორი გადაწყვეტილება, რომ შევეცადოთ ამ მაღალი ტემპერატურის დაწევა, იმისთვის, რომ ქვეყანაში სიტუაცია დაწყნარდეს, ეკონომიკური სტაბილიზაცია დაიწყოს, გადავწყვიტეთ ამ არაფორმალური დიალოგის. ე.წ. პრაღის დიალოგის დაწყება და 2012 წლიდან მოყოლებული 26 შეხვედრა ჩატარდა. ამ პერიოდში მოვახერხეთ ის, რომ დაძაბულობამ მართლაც იკლო. ჩვენი დასავლელი პარტნიორების შეფასებით, ამ დიალოგმა გარკვეულწილად ხელი შეუწყო 2014 წელს ასოცირების ხელშეკრულების გაფორმებას. შემდეგ უკვე ამას მოჰყვა უვიზო მიმოსვლა, ახლა უკვე სტატუსი და ა.შ. ის დაკავებული ხალხი, რომელიც ზემოთ ვახსენე 2-3 წელიწადში ოჯახებს დაუბრუნდნენ. სავაჭრო კუთხით დიდი დისბალანსი იყო, 2006 წელს რუსეთმა ქართულ პროდუქციაზე ემბარგო შემოიღო, აქედან არაფერი გადიოდა და რუსეთიდან შემოდიოდა ყველაფერი დიდი რაოდენობით. ეს დისბალანსი ჩვენ გამოვასწორეთ. გარდა ამისა 2011 წელს საქართველომ მხარი დაუჭირა რუსეთის გაწევრიანებას მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში, ჩვენ ეს უნდა გამოგვეყენებინა, ნორმალური ვაჭრობის ვალდებულებები აიღო რუსეთმა. დღეისთვის მილიარდობით დოლარის პროდუქციაა გატანილი რუსეთში, ამან ხელი შეუწყო მთელი დარგების განვითარებას, რაც საქართველოს მოხმარდა. ასე რომ ამ ფორმატმა გააკეთა ისიც, რომ გამარტივდა ჩვენი დიდი დიასპორის ცხოვრებაც“, - აღნიშნა აბაშიძემ.

big_banner
არქივი