logo_geo
გივი მიქანაძე: ოპოზიციის მთავარი ნარატივია, წინსწრებით შექმნან ფონი, რომ საქართველოში ვერ ჩატარდება სამართლიანი არჩევნები
- +

19 მარტი. 2024. 18:28

 

 

„ჩვენ გვაქვს მოლოდინი, რომ რიგ ოპოზიციურ პარტიასთან ერთად შესაძლებელი იქნება პოზიციების შეჯერება. მნიშვნელოვანი იქნება, თუკი შესაძლებლობა მოგვეცემა, რომ 3/5-ით ავირჩიოთ ცესკოს თავმჯდომარე და წევრები", - ამის შესახებ გივი მიქანაძემ „დღის ქრონიკაში“ ცესკოს წევრებისა და თავმჯდომარის არჩევის პროცესზე საუბრისას განაცხადა.

 

განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის თქმით, მმართველი გუნდისთვის მთავარია, ამ პოზიციებზე შერჩეული ადამიანები აუცილებლად იყვნენ მიუკერძოებლები და პროფესიონალები.

 

„ზუსტად ამ პრინციპით ვმოქმედებთ ჩვენ. ოპოზიციის რადიკალური ფრთა მოქმედებს ერთი პრინციპით - მათთვის მიუღებელია ნებისმიერი კანდიდატურა, რომელიც მმართველ გუნდს მოეწონება, რამდენადაც მიუკერძოებელი და პროფესიონალი ადამიანიც არ უნდა იყოს ეს. ამიტომაც არის რთული კონსენსუსის მოძიება. ეს მიზანმიმართული პროცესია, იმიტომ რომ ოპოზიციის მთავარი ნარატივია დღეს, რომ წინსწრებით შექმნან ფონი, რომ საქართველოში ვერ ჩატარდება სამართლიანი არჩევნები, რომ ცესკოში თითქოსდა ერთპიროვნული მმართველობა მკვიდრდება“, - განაცხადა მიქანაძემ.

 

დეპუტატი საზოგადოებას ახსენებს, რომ ცესკო შედგება 17 წევრისგან, რომელთაგანაც რვას პარლამენტი ირჩევს პროფესიული ნიშნით, 9 წევრს კი პოლიტიკური სუბიექტები ნიშნავენ. ამ 9 წევრიდან „ქართულ ოცნებას“ მხოლოდ 1 წარმომადგენელი ჰყავს, დანარჩენი 8 კი ოპოზიციური სპექტრის წარმომადგენელია.

 

„ამ სიტუაციაში ოპოზიცია გვეუბნება, რომ ჩვენ ვართ ის ძალა, რომელიც ცდილობს მიიტაცოს ცესკო. ეს არის სრული აბსურდი, როდესაც ჩვენ გვაქვს მხოლოდ ერთი ხმა და ვართ ორიენტირებულები იმაზე, რომ ცესკოს წევრები და თავმჯდომარე მაქსიმალურად იყოს შერჩეული ობიექტურობის, მიუკერძოებლობისა და პროფესიონალიზმის ნიშნით. მაგრამ ზუსტად აქ არის მთავარი კომპონენტი ოპოზიციის - მათ იციან, რომ არჩევნებს აგებენ, ამიტომ მათი დღის წესრიგია როგორმე ჩრდილი მოჰფინონ პროცესს და საზოგადოებისა და დასავლელი პარტნიორების თვალში ეს პროცესი ისე წარმოაჩინონ, თითქოსდა ის „ქართული ოცნების“ დირექტივებით მიმდინარეობს“, - განაცხადა მიქანაძემ.

 

 

big_banner
არქივი