საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველოს თავდაცვის მინისტრთან ჯუანშერ ბურჭულაძესთან, მის მოადგილეებთან და თავდაცვის ძალების სხვა ხელმძღვანელ პირებთან სამუშაო თათბირი გამართა.
შეხვედრაზე განხილულ იქნა თავდაცვის უწყების მიერ 2023 წელს განსახორციელებელი გეგმები და ის ძირითადი მიმართულებები, რომლებიც მიზნად ისახავს თავდაცვის ძალების გაძლიერებასა და სამხედრო მოსამსახურეების სოციალური პირობების გაუმჯობესებას. საუბარი შეეხო „საქართველოს განვითარების სტრატეგია - ხედვა 2030“-ის განხორციელების დინამიკას.
ყურადღება გამახვილდა 2023 წელს თავდაცვის გაზრდილ ბიუჯეტზე. აღინიშნა, რომ მიმდინარე წელს საქართველოს თავდაცვის უწყების ბიუჯეტი 260 მლნ ლარით გაიზარდა. ერთი მილიარდ 260 მლნ ლარი პროპორციულად გადანაწილდება ყველა მიმართულებაზე და საქართველოს თავდაცვითი შესაძლებლობების განვითარებას მოხმარდება. 2023 წლის 1 იანვრიდან ყველა სამხედრო 20%-ით გაზრდილ ხელფასს იღებს.
თავდაცვის მინისტრმა მთავრობის მეთაურს მიაწოდა ინფორმაცია ყველა იმ ძირითად პროგრამასა და პროექტზე, რომლებიც მიმდინარე წლის განმავლობაში განხორციელდება:
სამუშაო თათბირზე ყურადღება დაეთმო ჯავშანსაწინააღმდეგო შესაძლებლობების განვითარების მიმართულებით მიმდინარე პროექტებს.
ჯავშანსაწინააღმდეგო სისტემების შესყიდვის მიზნით გერმანიასთან და ესპანეთთან გაფორმებულია ხელშეკრულებები.
ამერიკის შეერთებულ შტატებთან მიმდინარეობს „ჯაველინების“ დამატებითი რაოდენობის შესყიდვის პროცესი.
მიმდინარეობს მოლაპარაკებები შვედურ კომპანიასთან „Carl Gustaf“-ის შესყიდვის მიზნით.
არაერთი ხელშეკრულებაა მიმდინარე და დასრულების პროცესში საჰაერო თავდაცვის შესაძლებლობების განვითარების მიზნითაც:
სხდომაზე აღინიშნა, რომ მიმდინარე წელს, მახათას მთაზე მასშტაბური ბინათმშენებლობის პროექტის - „ჯარის ქალაქი - Army City“ - ფარგლებში, 1000-ზე მეტი სამხედრო მოსამსახურე მიიღებს ბინას, რომლის შეძენაც მათ, სულადობის პრინციპის გათვალისწინებით, უპრეცედენტოდ შეღავათიანი პირობებით შეძლეს.
2023 წელს პარლამენტთან აქტიური თანამშრომლობით იგეგმება თავდაცვის ახალი კოდექსის მიღება, რომელიც ფუნდამენტურად გააუმჯობესებს სავალდებულო სამხედრო სამსახურს, შექმნის შესაძლებლობებს ძლიერი რეზერვისთვის და გააუმჯობესებს სამხედროების სოციალურ პირობებს.
სამუშაო თათბირზე ასევე განიხილეს ახალი პროექტები და ინიციატივები. ირაკლი ღარიბაშვილმა თავდაცვის მინისტრსა და მოადგილეებს ახალი დავალებები მისცა.