logo_geo
ირაკლი კობახიძე: ჩვენ გვაქვს ჩვენი პოლიტიკური ბუნება და ეს არის ჰუმანური, განსხვავებით იგივე წინა ხელისუფლებისგან. ჩვენ შეგვეძლო გარკვეული პროცესების გაგრძელება, თუმცა ყველაფერს გავუწიეთ ანგარიში
- +

11 მარტი. 2023. 11:59

 

 

„ჩვენ მივიღეთ, პოლიტიკური გადაწყვეტილება კანონის გამოხმობის თაობაზე, ამას ჰქონდა ერთი მთავარი მიზეზი. ეს არის ის, რომ ჩვენ გავუფრთხილდით ადამიანებს. ერთი ადამიანის ჯანმრთელობაც რომ ყოფილიყო რისკის ქვეშ, ეს არ გვიღირდა“, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

 

მისი თქმით, მათ შეეძლოთ, გარკვეული პროცესების გაგრძელდება, თუმცა ყველაფერს გაუწიეს ანგარიში, მათ შორის, საზოგადოების აღქმებსაც.

 

„ჩვენ გვაქვს ჩვენი პოლიტიკური ბუნება და ეს არის ჰუმანური. განსხვავებით, იგივე წინა ხელისუფლებისგან. რა თქმა უნდა, ჩვენ შეგვეძლო გარკვეული პროცესების გაგრძელება, თუმცა ყველაფერს გავუწიეთ ანგარიში, მათ შორის საზოგადოების აღქმებსაც. შესაძლოა, ეს აღქმა არ იყო შესაბამისობაში რეალობასთან, სინამდვილესთან, მაგრამ როდესაც გარკვეულოი აღქმა ყალიბდება, მას უკვე შეიძლება გაუწიო ანგარიში“, - განაცხადა კობახიძემ.

 

პარლამენტმა „ხალხის ძალის“ მიერ ინიცირებული აგენტების შესახებ ამერიკული კანონის პირველი ვარიანტი პირველი მოსმენით 7 მარტს მიიღო, რასაც საპროტესტო აქციები მოჰყვა. ამის შემდეგ, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ევროპის საბჭოს ვენეციის კომისიის პრეზიდენტს, კლერ ბაზი მალორის წერილი გაუგზავნა,რომელშიც საქართველოს პარლამენტში წარდგენილ ორ კანონპროექტზე, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ შესახებ და „უცხოური აგენტების რეგისტრაციის“ შესახებ კანონპროექტებზე დასკვნის მომზადებას სთხოვს.

 

თუმცა, ამის მიუხედავად პროტესტი არ შეწყდა და საბოლოოდ „ქართული ოცნების“ პოლიტიკური საბჭოს, „ხალხის ძალისა“ და საპარლამენტო უმრავლესობის გადაწყვეტილებით, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი გაიწვია „უპირობოდ, ყოველგვარი დათქმის გარეშე“.

 

10 მარტს კი პარლამენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი ჩააგდო. პროექტის განხილვას მხარი დაუჭირა ერთმა დეპუტატმა, 35 კი წინააღმდეგი იყო. კანონპროექტი კენჭისყრაზე განხილვის გარეშე დადგა.

 

 

big_banner
არქივი