logo_geo
გიორგი ამილახვრის განცხადებით, განათლების პოლიტიკის განსახორციელებლად უახლოეს დღეებში სამინისტროში მიმართულებების მიხედვით სამუშაო ჯგუფები შეიქმნება
- +

2 აპრილი. 2023. 01:45

სწორი ხედვა რომ ჩამოვაყალიბოთ, გადავხედავთ პროცესს და შევხედავთ, თუ არის იქ რაიმე შესაცვლელი და გასაახლებელი, მაგრამ ამას გავაკეთებთ ღიად და საჯაროდ. პირველ რიგში, ჩავრთავთ იმ ადამიანებს, რომელთაც ეს ეხებათ - ბავშვს, მშობელსა და მასწავლებელს, - ამის შესახებ განათლების მინისტრმა, გიორგი ამილახვარმა „ქრონიკაში“ განაცხადა.

მისივე თქმით, განათლების პოლიტიკის განსახორციელებლად სამინისტროში უახლოეს დღეებში მიმართულებების მიხედვით სამუშაო ჯგუფები შეიქმნება.

უახლოეს დღეებში მიმართულებების მიხედვით სამინისტროში შეიქმნება სამუშაო ჯგუფები და ჩემი მიდგომაა, რომ ის სწორი და კარგი რეფორმები, რაც წლების განმავლობაში ჩვენი გუნდის მიერაა დანერგილი და მიმდინარეობს, ბუნებრივია, მას სრული მხარდაჭერა ექნება. იცით, განათლება ეს ცოცხალი ორგანიზმივით სულ მუდმივი პროცესია და საჭიროებს დაკვირვებას, განახლებას. არის რიგი საკითხები, რომელიც ჩვენს მასწავლებლებს აწუხებთ. მაგალითად, მათი კარიერული სქემა. ამ საკითხს ნამდვილად სჭირდება ჩახედვა, მსჯელობა. ხომ არ არის იქ რაიმე, რისი შეცვლაც საჭიროა და პირველ რიგში მასწავლებლების მოსმენა.

სკოლის სასწავლო პროგრამა - თქვენ იცით, ბოლო წლების განმავლობაში ჩვენ სკოლებში ვნერგავთ ახალ სასწავლო პროგრამას, რომელიც თანამედროვეა, ხელს უწყობს კრიტიკული აზროვნების და ბავშვებისთვის მეტი თავისუფლების მიცემას საწავლო პროცესში, ამასაც დასჭირდება განახლება, რადგან არის საზოგადოებაში აზრი დამკვიდრებული, რომ თითქოს, იქ გარკვეული კომპონენტები არ გვაკლია. ამიტომ, მნიშვნელოვანია ამ პროცესის საზოგადოებისთვის ახსნა, განხილვა, რომ იქ არის გარკვეული პრობლემები და ჩვენ მზად ვართ მათ შევეჭიდოთ, თუ ეს არის მცდარი შეხედულებები.

ასევე, ჩვენ ჩავიხედავთ სახელმძღვანელოების ე.წ. გრიფირების პროცესში. აქაც ხშირად გვესმის საზოგადოებისგან, რომ ამა თუ იმ სახელმძღვანელოში არის საკითხები, რომელიც იწვევს ადამიანის ობიექტურ პრეტენზიებსაც, თუმცა გეტყვით, რომ არის არაობიექტური კრიტიკაც.

ამდენად, სწორი შეხედულება რომ ჩამოვაყალიბოთ, ჩვენ გადავხედავთ ამ პროცესს და შევხედავთ, თუ არის იქ რაიმე შესაცვლელი და გასაახლებელი, მაგრამ ამას გავაკეთებთ ღიად და საჯაროდ. პირველ რიგში, ჩავრთავთ იმ ადამიანებს, რომელთაც ეს ეხებათ - ბავშვს, მშობელსა და მასწავლებელს“, - განაცხადა ამილახვარმა.

big_banner
არქივი